ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება – ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოწვევა ძალიან გვიან მიიღეს.
ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის.
„სიმართლე გითხრათ, ამ გადაწყვეტილებასაც ველოდებოდი, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ. თან იმის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ, რა დღე დააყარეს მათ მიერ გაკეთებულ საბოლოო დასკვნასა და შეფასებას საპარლამენტო არჩევნებზე. გადაუარეს, ფეხქვეშ გათელეს დასკვნა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ქვეყნის გარეთ იმ ბოროტმა ძალებმა, რომლებიც ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს ებრძვიან. მესმის ამ ორგანიზაციის – თავშეკავებულები არიან და არ უნდათ ისევ ამ სიბინძურეში გაეხვიონ“, – განაცხადა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა.
„შეიძლებოდა თუ არა უფრო ადრე მოწვევა? – რა თქმა უნდა, არა, რადგან „ქართული ოცნების“ გარდა არცერთ სხვა პარტიას არ ჰქონდა დადასტურებული, რომ მონაწილეობდნენ არჩევნებში – ერთმანეთში ჭიდაობდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, აბულინგებდნენ ერთმანეთს. დაკვირვების ობიექტი თუ მარტო „ქართული ოცნება“ იქნებოდა, დამკვირვებლების მოწვევა გარკვეულწილად, აზრსაც კარგავდა”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ეჭვი არ ეპარებათ, რომ რომ „ქართულმა ოცნებამ” განზრახ დააგვიანა ეუთო/ოდირის მოწვევა. მათთვის კი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ეს პროცესი რუსული სპეცოპერაციაა.
„ეუთო/ოდირის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება და სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არჩევნებამდე პერიოდზე დაკვირვება აუცილებელია. ეს კი „ოცნების“ რეჟიმის ინტერესში არ შედიოდა, „ოცნება“ არჩევნებს არჩევნების დღემდეც აყალბებს“, – ამბობს „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა თავაძე.
„მაშინ, როდესაც ფაქტობრივად, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობა ამოწურულია იმისა, რომ ეუთო/ოდირმა სრულფასოვანი დაკვირვება განახორციელოს ამ რუსულ სპეცოპერაციაზე, „ქართულმა ოცნებამ“ ფორმალურად გადაწყვიტა, რომ უბრალოდ, მიმართოს ეუთო-ოდირს, რაც მათი მხრიდან კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ისინი ცდილობენ, შექმნან ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში რაღაცნაირი ტიპის არჩევნები ტარდება“, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისია კი წუხს, რომ ადგილობრივ არჩევნებს ეუთო/ოდირი არ დააკვირდება, ამავდროულად მზადყოფნას გამოთქვამს დაარეგისტრიროს ყველა ის ორგანიზაცია, რომლებიც არჩევნებზე დასაკვირვებლად დადგენილ ვადებში მიმართავენ.
ცესკოს 10 სექტემბრის მონაცემებით, კი ასეთი სურვილი რამდენიმე ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოთქვა, ესენია: იორდანიის, ტუნისის, მალდივის, თურქეთის, ეთიოპიის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინის, სამხრეთ აფრიკის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, ფიჯის, სლოვაკეთის, სომხეთის, ფილიპინების, ესტონეთის, ალბანეთის საარჩევნო თუ სარეფერენდუმო კომისიები და ასოციაცია „ალტერფაქტი”.