4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ინტენსიურად განაგრძობს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას. მისი თქმით, არჩევნებამდე 1 თვით ადრე, საქართველოს მასშტაბით 3051 საარჩევნო უბანი მოეწყო, აქედან ელექტრონულად ხმის მიცემას მოსახლეობა 2284 უბანზე შეძლებს. დანარჩენ 767 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება.
ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათებისა და საინფორმაციო ფლაერების დარიგება. მან ასევე ისაუბრა ამომრჩეველთა უფლებებზე, კონკრეტულ ვადებზე და განაცხადა, რომ არჩევნებზე დასაკვირვებლად უკვე დარეგისტრირებულია 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი ორგანიზაცია.
„საქართველოს მასშტაბით დაიწყო ფუნქციონირება 3051 საარჩევნო უბანმა, 3051 უბნიდან 2284 უბანზე ამომრჩევლები კენჭისყრაზე მონაწილეობას მიიღებენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება კენჭისყრა, საუბნო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათებისა და საინფორმაციო ფლაერების დარიგება. უკვე გამოკრულია ყველა საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ერთიანი სიები, პირველადი ვერსიები ანუ საჯარო ვერსიები. ამომრჩევლებს სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით შეუძლიათ, რომ 16 სექტემბრის ჩათვლით მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სერვისების განვითარების სააგენტოს.
იმისთვის, რომ ჯანსაღი სარჩევნო გარემო არსებობდეს, უნდა იყოს დაკვირვება. ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამის ვადებში, რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილ დოკუმენტაციას შემოიტანს. სამწუხაროა, რომ არ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებზე ეუდო/ოდირის მხრიდან დაკვირვება, თუმცა შეთავაზება 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების იყო.
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, რომ ყველა ის ორგანიზაცია, რომლებიც დათქმულ ვადებში შემოიტანს განაცხადს და ეს ვადები არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის 24 სექტემბერი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის 27 სექტემბერი და მედიის აკრედიტაციისთვის 29 სექტემბერი, გავატაროთ რეგისტრაციაში. ამ დროისთვის არის უკვე დარეგისტრირებული 16 საერთაშორისო ორგანიზაცია და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ვადები არსებობს. ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ახლაც, არის მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.