ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებულ პროექტს თბილისის მერი, კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო. მან განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთი „მასშტაბური, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული“ პროექტია.
თბილისის მერი ამბობს, რომ „ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა“ გრძელდება და მომდევნო წლების განმავლობაში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი.
„აქ არსებული მდგომარეობა უმძიმესი იყო. ამიტომ პირველი, რაც გავაკეთეთ, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლება-მოწესრიგებაა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო მიწისქვეშა ურნები, დამონტაჟდა განათების ბოძები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, რაც, ხმაურის თვალსაზრისით, ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა.
მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მოთმინებისთვის, თანადგომისთვის, რადგან სწორედ მათი ჩართულობით ხდება მსგავსი პროექტების განხორციელება დედაქალაქში. ასევე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიის თანამშრომელს, ვინც პროექტში იღებდა მონაწილეობას.
მადლობას ვუხდი ასევე მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას. ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
