თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დაკითხვა.
8 სექტემბერს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხეს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი ლევან ნატროშვილი.
საქმე ეხება პროკურატურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით მიმდინარე გამოძიებას.
ლევან ნატროშვილის თქმით, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებით პროკურატურა ცდილობს, გაამართლოს სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება.
„არანაირი ძალადობრივი ქმედებისკენ არავისთვის არ მოგვიწოდებია, არ დაგვიორგანიზებია აქცია, რომელიც რაღაც კონკრეტულ კანონდარღვევას ეხება. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის მორიგი ნაბიჯი იმისთვის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები აღარ იყოს საქართველოში, აღარ იმუშაონ, არ დაეხმარონ ხალხს. ამ მიზანს ემსახურება ეს გამოძიება, რაღაცნაირად უნდა გამართლდეს ჩვენი ანგარიშების დაყადაღება. სამწუხაროდ, წვალობს პროკურატურა, რომ რაღაც გამოიყვანოს ამ საქმიდან…“ – თქვა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ნატროშვილმა.
მედიასთან ისაუბრა საქმის პროკურორმაც. ლაშა კოტრიკაძისთვის გაურკვეველია, რატომ დასჭირდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს დამცავი საშუალებების ყიდვა. მისი თქმით, აინტერესებს, რისგან იცავდნენ თავს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დროს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. ამ ორგანიზაციებს შორის არის „სამართლიანი არჩევნებიც“.
