კატეგორიები

„ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდა“ – ადვოკატი

„ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდა“ – ადვოკატი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული პროცესი მანდატურზე თავდასხმაში ბრალდებული ნინო დათაშვილის საქმეზე გადაიდო. მიზეზი დაკავებული აქტივისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

როგორც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაცხადა, სასამართლომ პენიტენციური დაწესებულებიდან მიიღო ცნობა, რომლის თანახმადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნინო დათაშვილი სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებდა. ადვოკატი ამბობს, რომ აქტივისტს კვლავ ხერხემლის პრობლემა აწუხებს და გადაადგილება უჭირს.

„დადასტურდა ის, რასაც ნინო დათაშვილის ადვოკატები ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა და როდესაც პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, მას ევალებოდა, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეთვალისწინებინა. დღეს დადასტურდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოსამართლემ წაიკითხა წერილი, რომელსაც სასჯელაღსრულების მთავარი ექიმი აწერს ხელს, და რომელშიც ნათქვამია, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იმდენად მძიმე, რომ მას არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ კი, პროცესის გადადებასთან დაკავშირებით დავაყენეთ შუამდგომლობა. მისი ინტერესია, რომ თავისი საქმის განხილვაში ჩართული იყოს“, – განაცხადა ნინო დათაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 17 სექტემბერსაა ჩანიშნული. ნინო დათაშვილი, აქტივისტი და მასწავლებელი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას ედავება. მუხლი სასჯელის ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე პატმრობას ითვალისწინებს.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები