ნეპალში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა. საპოლიციო ძალებთან შეტაკებებისას დაიღუპა, სულ მცირე, 19 პირი.
დემონსტრანტები ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუში, საკანონმდებლო ორგანოსთან აპროტესტებენ ნეპალის ხელისუფლების მიერ სოციალურ მედიაში დაწესებულ შეზღუდვებს. ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმე სოციალური პლატფორმა, მათ შორის Facebook, X და YouTube აკრძალა.
ნეპალის ხელისუფლების განცხადებით, ამ კომპანიებმა არ გაიარეს რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში, რის გამოც მათ სანქციები დაუწესდათ.
ადგილობრივი მედიის თანახმად, აქციის რამდენიმე მონაწილემ გაარღვია საპოლიციო კორდონი და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ნეპალის მოსახლეობის 90% ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია. მათი განცხადებით, დაწესებული შეზღუდვებით ხელისუფლება ცენზურის დაკანონებას ცდილობს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ნაცვლად თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა, ნეპალის მთავრობამ კორუფციის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს.