„ქართულმა ოცნებამ“ აზრი შეიცვალა. თუკი მანამდე მმართველი პარტია ამბობდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მოწვევა „ზედმეტი დატვირთვა“ იქნებოდა, ახლა სახელისუფლებო გუნდში ასე აღარ ფიქრობენ.
კენჭისყრის დღემდე 28 დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სადამკვირვებლო მისიას მოწვევა გაუგზავნეს.
მმართველ პარტიაში გადაწყვეტილებას ხსნიან არგუმენტით, რომ „არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით“. „ქართულ ოცნებაში“ მაგალითად კვლავ მოჰყავთ ეუთო/ოდირის დასკვნა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე. კერძოდ კი, ამბობენ, რომ ეს დასკვნა აჩვენებს კენჭისყრის პროცესისა და შედეგების გამჭვირვალობასა და სანდოობას.
ეს კი იმ ფონზე, როცა ამავე ორგანიზაციამ არაერთხელ გააკრიტიკა მმართველი პარტიის პოლიტიკა, მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებული და რეპრესიულად შეფასებული საკანონმდებლო ცვლილებები.
„ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ იწვევენ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას, თუმცა რაიმე კითხვები რომ არ იყოს, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო… გვახსოვს, რა დამოკიდებულება იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – წარმოუდგენელი ზეწოლა, წარმოუდგენელი შეურაცხყოფა იყო, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ამ აგენტების მხრიდან, არამედ, ზოგადად, ქვეყნის გარეთაც, საიდანაც იმართებოდა ეს პროცესები. დასკვნას თავი დავანებოთ, იყო საუბარი გაყალბებაზე, ათასი უაზრო რაღაც მოიფიქრეს და დღემდე ერთი ფაქტი, ერთი კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ვერავინ…“ – თქვა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას ეხმაურება ოპოზიცია. თუმცა შეფასებები განსხვავებულია.
საერთო კანდიდატების მსგავსად, ამ მხრივაც, საერთო ხედვა აქვთ პარტიებს – „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“. ბოიკოტში მყოფი პოლიტიკური სუბიექტებისთვის კი, როგორც ამბობენ, უმნიშვნელოა, ვინ დააკვირდება არჩევნებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.
„ყველა ეტაპზე ეუთო/ოდირის დასკვნები იყო მწვავე და საქართველოში არსებული მდგომარეობის შესაბამისი. ეუთო/ოდირის დასკვნები ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა დავაკვირდეთ ამ მოვლენებს, რადგან საინტერესოა, ამ მცირე დროში დასკვნების გათვალისწინებით, ეუთო/ოდირი შეძლებს თუ არა არჩევნებში სრულყოფილ ჩართვას. იმ შემთხვევაში, თუ ეუთო/ოდირი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება მათ მიერ გამოტანილი დასკვნები, რადგან ჩვენ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ვიბრძვით“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ტატა ხვედელიანმა.
„ჩვენთვის, როგორც არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის, ეუთო/ოდირის დამკვირვებლების ყოფნა იმდენად შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა არჩევნების მონიტორინგი და მხოლოდ პარტიული ძალებით მოგვიწევს 4 ოქტომბერს ბრძოლა…“ – თქვა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია 30 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
როგორც წესი, ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები მისიას იწყებენ არჩევნებამდე 6-8 კვირით ადრე, მოკლევადიანი დამკვირვებლები კი კენჭისყრის დღის სიახლოვეს. ჯერჯერობით ეუთო/ოდირს არაფერი უპასუხია „ქართული ოცნების“ მოწვევაზე, თუმცა 4 ოქტომბრამდე ოთხ კვირაზე ნაკლები რჩება.
