დაპირისპირებაა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე – იქ, სადაც კახი კალაძის საარჩევნო შტაბი მდებარეობს.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის. არიან დაშავებულები, მათ შორის ჟურნალისტები.
ადგილზეა სასწრაფო დახმარების მანქანები.
აქციის მონაწილეები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ყოველდღიურ მსვლელობას მართავდნენ, ამბობენ, რომ მათ თავს დაესხნენ კახი კალაძის მხარდამჭერები და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამოცემა „პუბლიკის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში დაარტყეს და წაართვეს მობილური ტელეფონი.
ბოლო დღეებში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა ამავე ადგილას, მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის შტაბთან.
იქ დემონსტრანტები, „ქართული ოცნების” წევრები და მხარდამჭერები არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
