თეონა აქუბარდიამ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ბრძოლას კვლავ დამოუკიდებლად გააგრძელებს“.
თეონა აქუბარდია წერს, რომ რჩება წინააღმდეგობაში „რეჟიმის მიერ საშინაო და საგარეო კურსის ამოტრიალებისა და მასობრივი რეპრესიების ფონზე“. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტთა მთავარი შეცდომა არის „საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანი ხედვის არარსებობა და ურთიერთდაპირისპირება“.
„მე, ისევე როგორც ჩემმა თორმეტმა თანაგუნდელმა არათავისუფალ და არასამართლიანად ჩატარებული არჩევნების შემდეგ არ მივეცით ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტს ლეგიტიმაცია… კვლავ მტკიცედ მჯერა, რომ ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ქვეყნის კონსტიტუციურ გზაზე დაბრუნება ვერ მოხდება. ამიტომ, გავაგრძელებ ბრძოლას შესაძლებლობის ფარგლებში იმ მიზნისთვის, რასაც ერთიანი ევროპული საქართველო ჰქვია“, – დაწერა თეონა აქუბარდიამ Facebook-ის პირად გვერდზე.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში თეონა აქუბარდიამ მონაწილეობა მიიღო პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ სიით. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრობამდე ის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატი იყო, მანამდე კი გიორგი ვაშაძის პარტიის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი.
