კატეგორიები

თავისუფლება ვადაზე ადრე – „ლელოს“ ლიდერებმა საპატიმრო დატოვეს

თავისუფლება ვადაზე ადრე – „ლელოს“ ლიდერებმა საპატიმრო დატოვეს

საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა რაოდენობა ორით შემცირდა. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვეს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტის საფუძველზე.

ამ გადაწყვეტილებას ორივე პოლიტიკოსი სკეპტიკურად შეხვდა. მათ თქვეს, რომ ეს ნაბიჯი მოულოდნელი და ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართული იყო. მათივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს განხეთქილების გამოწვევას როგორც ოპოზიციაში, ისე საზოგადოებაში.

„მადლიერების გრძნობა მე არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, პირდაპირ ვიტყვი, ბინძური საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, იმავე „დანაშაულით“ იხდიან სასჯელს, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდებოდით და 8-თვიანი ვადის ამოწურვას ველოდებოდით, გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, რომ მოხდეს შავი ნიაღვრისა და პიარის გადმოსხმა…“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პატიმრობიდან გათავისუფლებული ოპოზიციონერები არ აპირებენ გადაწყვეტილების გადახედვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ არ აპირებს „იმედი გაუცრუოს“ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ამომრჩევლებს. 4 ოქტომბერს ის საარჩევნო უბნებთან „ასიათასობით“ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეს ელოდება.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია… ყველას აქვს ბოიკოტის უფლება, ამას ვერავინ ვერავის ვერ დაუშლის, მაგრამ ის ასიათასობით ადამიანი, რომლებიც 4 ოქტომბერს არჩევნებზე მოვლენ, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გავუწბილოთ და უნდა დავანახოთ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან, იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად…“ – თქვა საპატიმროდან გამოსულმა ბადრი ჯაფარიძემ.

ოპოზიციონერთა შეწყალებას „ქართული ოცნება“ „პრეზიდენტის ჰუმანურ აქტს“ უწოდებს. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას მმართველი პარტიის ლიდერები ასე გამოეხმაურნენ:

„თავის დროზე, თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან – ახლა, ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„თუ მათ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ კაცო, კი არავინ აძალებს… ზოგადად, ციხეში არავის გაშვება არ მიხარია, რატომ უნდა გიხაროდეს ადამიანს ვიღაცის დაპატიმრება, მაგრამ მგონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ…“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების გათავისუფლებას დადებითად შეხვდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, თუმცა მათი ნაწილი „ლელოს“ მოუწოდებს, გადახედონ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

„მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია. რა თქმა უნდა, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილები… ეს განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს…“ – თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.

„მინდა, მთელი გულითა და პატივისცემით მივმართო მამუკასა და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს, მიიღეთ არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება ამ ბრძოლის გაძლიერება…“ – განაცხადა კოალიციის „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს. პატიმრობაში მყოფ სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მსგავსად სასჯელი მათაც დაეკისრათ პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. თუმცა, მათგან განსხვავებით მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტი არ გავრცელებულა სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, მათგან 6 კვლავ საპატიმროში რჩება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები