სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, „კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნისა და აღების ფაქტს“ ეხება.
სუსის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით გამოვლინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისა და ამ ნაკვეთებისთვის არასასოფლო-სამეურნეო სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს 400 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.
უწყების განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუცლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გ. კ.
ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ჯამში, 2 ჰა ფართობის, ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სტატუსიდან არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე გადაყვანის სანაცვლოდ, გ.კ-მ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 1კვ. მეტრ ფართობზე 20 აშშ დოლარი მოსთხოვა, საერთო ჯამში – 400 000 აშშ დოლარი, საიდანაც მისთვის წინასწარ უნდა გადაეცა 100 000 აშშ დოლარი. გ.კ-ს განმარტებით, თავად იქნებოდა გარანტი, რომ ორივე მიწის ნაკვეთს შეეცვლებოდა მიზნობრივი დანიშნულება”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
