თბილისის საქალაქო სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის, გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვის შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მედიას უთხრა, რომ გამოძიება იკვლევდა გაზაფხულისა და შემოდგომის საპროტესტო აქციებთან კავშირში მათ როლს.
თამთა მიქელაძემ ასევე განმარტა, რომ ორგანიზაციის მიერ შეძენილი სამედიცინო და უსაფრთხოების საშუალებები არ შეიძლება ჩაითვალოს აქციის მხარდამჭერ „რაიმენაირ ფინანსურ მობილიზებად”. მისივე განმარტებით, ამ პროცესების მთავარი „მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმის გადაფარვაა“.
გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა საქმის პროკურორმაც. ლაშა კოტრიკაძის თქმით, კითხვები დაისვა თამთა მიქელაძის საჯარო მოწოდებებსა და ორგანიზაციის შესყიდვებთან დაკავშირებით. პროკურორის განცხადებით, თამთა მიქელაძის პასუხები „დამაჯერებელი არ იყო“.
პროკურატურა 7 არასამთავრობო ორგანიზაციას საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ და „საბოტაჟს“ ედავება, რის საფუძველზეც შვიდივე მათგანს 27 აგვისტოს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებიც გამოიკითხნენ. მათ შორის იყო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე, ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
