პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შემდეგ საპატიმრო დატოვეს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა.
მედიასთან საუბრისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ შეწყალების გადაწყვეტილებას არ ელოდა. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის ამ ნაბიჯის მიზანია, დაპირისპირება შექმნას ოპოზიციასა და საზოგადოებაში:
„დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მოულოდნელი… პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე აურზაური, დაპირისპირება შემოიტანოს…
იცით, ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია შექმნილი, ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი. მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა. გასაგებია, რომ მადლიერების გრძნობა არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ბინძური საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, იმავე ე.წ. „დანაშაულით“ იხდიან სასჯელს”.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტიის გეგმები არ შეცვლილა 4 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
იგივე განცხადება გააკეთა ბადრი ჯაფარიძემაც. კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერის თქმით, არც ის და არც მამუკა ხაზარაძე არ გაუთავისუფლებიათ მათი „თხოვნის საფუძველზე”.
„ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება – ჩვენი დატუსაღება და ჩვენი გათავისუფლება. დღეს დილით, პირდაპირ გეტყვით, რომ ყოველდღიური 10-საათიანი ჩემი გასეირნება 16 კვადრატულ მეტრ სივრცეში 11:00-ზე მორჩა და როდესაც დავბრუნდი სეირნობიდან, მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ჰქონდა გამოცემული მიხეილ ყაველაშვილს”.
კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერები 23 ივნისს დააკავეს. მათ პროკურატურა ედავებოდა პარლამენტში, „ქართული ოცნების” ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას.
ამავე ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება კიდევ 6 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.