კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მოქალაქეებმა კვლავ გამართეს საპროტესტო აქცია. ადგილზე დაპირისპირება იყო დემონსტრანტებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის.
მელიქიშვილის გამზირზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს პარლამენტის შენობასთან.
„ჩემს სიხარულსა და თავისუფლებისკენ ლტოლვას ახლავს სევდა და უხერხულობაც, რადგან უკანონო ტყვეობაში 60-ზე მეტი ადამიანი რჩება. მათ უმრავლესობას ვიცნობ. დაპატიმრებულთა შორის არის ორი არაჩვეულებრივი, სამაგალითო ქალი მზია ამაღლობელი, ჩემი კოლეგა, და ნინო დათაშვილი“,- თქვა აქციაზე მყოფმა ნიკა კაციამ, რომელიც 3 სექტემბერს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
კახა კალაძის შტაბთან შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებდნენ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას. დემონსტრანტებმა ასევე გააკრიტიკეს თბილისის მოქმედი მერის საქმიანობა. საპროტესტო აქციაზე მისული მოქალაქეები კვლავ ითხოვდნენ დემონსტრაციებისას დაკავებულთა გათავისუფლებას.
