პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ „ლელოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილებას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ეხმიანებიან. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან ჰუმანური აქტი იყო.
„ ჰუმანური აქტია პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მან შეიწყალა 2 დამნაშავე. ციხეში არავის გაშვება არ მიხარია, რატომ უნდა გიხაროდეს ადამიანს ვიღაცის დაპატიმრება? მაგრამ მგონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. შეიძლება განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმებზე ვიყოთ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ რაღაც ზღვარზე ურთიერთპატივისცემა და სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემა ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი თქვეს, რომ ლელოს ლიდერები პოლიტპატიმრები იყვნენ და მათივე განცხადებით, მმართველი გუნდის განცხადებები არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მხოლოდ მაშინ იქნებოდა დამაჯერებელი თუ პოლიტიკოსებს არ დააპატიმრებდნენ.
“მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია. რა თქმა უნდა, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილები. „ოცნების” განცხადება, სადაც ისინი გულისხმობენ, რომ არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს, ჯერ ერთი ეს არანაირი არჩევნები არ არის, დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს რომელსაც ექნებოდა საშუალება სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში. მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნება, მიდგომა და სურვილი არის ის, რომ საარჩევნო პროცესი, ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არცერთი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელი თუ ლიდერი პირი არ იყოს ციხის საკანში გამოკეტილი“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
ლელოს ლიდერების შეწყალებას ასევე გამოეხმაურნენ, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ და კოალიცია “ცვლილებისთვის”.
„ჩვენთვის ეს შეწყალება ნამდვილად იყო მოულოდნელი, თუმცა მისასალმებელია. ძალიან გვიხარია, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არიან გარეთ. კიდევ უფრო მისასალმებელი იქნებოდა, თუ ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი ევროპული მომავლის დაცვისთვის იყვნენ რეპრესირებული, მათზე განხორციელდა ძალადობა და უსამართლოდ იმყოფებიან ციხეში. რა თქმა უნდა, უკვე შეუძლებელია პოლიტიკური შეფასების გაკეთება „ქართული ოცნების“ მოქმედებებზე. ისინი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, როცა უნდათ იჭერენ, როცა უნდათ, უშვებენ ადამიანებს“- განაცხადა, „გახარია – საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა თამარ კეკენაძემ.
„ბუნებრივია, ადამიანის თავისუფლება არის სასიხარულო და ვულოცავ მათ ამას, ადამიანურად. ვუსურვებ ღირსეულ თავისუფლებას ყველა სინდისის პატიმარს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც ციხეში რჩება. ამასთანავე, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს. ამას შვრებიან ყველაფრის ფასად. ამასთანავე, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ნამდვილი ოპოზიცია. მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს, მიიღეთ არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას”,- განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
