შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება – 34 512 აბი „მეთადონი“ ამოიღეს.
უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონის“ აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.
ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარებული ჩხრების შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ასევე ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – “ჰეროინის“, „მორფინისა“ და „კოდეინის“ შემცველი 2 ლიტრამდე სითხე. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა, ქალაქ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარეს, წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1967 წელს დაბადებული ე.ფ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „მეთადონის“ აბები, ასევე „ჰეროინის“, „მორფინისა“ და „კოდეინის“ შემცველი 2 ლიტრამდე სითხე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით ე.ფ-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, მუდმივი რეჟიმით აგრძელებენ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. აქვე, მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ სამართალდამცველს დაუღალავი შრომისთვის!”,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.