მთავარისაქართველოკახა კალაძემ საარჩევნო შტაბი პროტესტის ფონზე გახსნა

კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი პროტესტის ფონზე გახსნა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი 3 სექტემბერს პროტესტის ფონზე გაიხსნა. მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე ზუსტად იმ დროს დაიწყეს შეკრება, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდნენ.

კახა კალაძემ შტაბის ხელმძღვანელად ლევან მაჭავარიანი წარადგინა. „ქართული ოცნების ლიდერებმა“ ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. მათ ამომრჩევლებს უთხრეს, რომ წლევანდელ არჩევნებზე კახა კალაძე უკონკურენტოა. შემდეგ კი ხანგრძლივად ისაუბრეს თბილისის მოქმედი მერის მიღწევებზე.

„საბოლოო ფაზაში შედის ჩვენი საარჩევნო კამპანია. ეს არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით ცოტა მოსაწყენია, რადგან კონკურენტი არ ჰყავს კახა კალაძეს. ვფიქრობ, ეს არჩევნები იქნება რეკორდული პროცენტული მაჩვენებლით კახა კალაძისთვის და გვექნება ამბიციური მიზანი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„იხსნება თბილისის საარჩევნო შტაბი. ეს იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თბილისელს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს თავისი იდეებით, ხედვებით. რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება ხელმძღვანელი. ამიტომ მინდა, შტაბის ხელმძღვანელად წარმოგიდგინოთ ლევან მაჭავარიანი“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

მმართველი პარტიის ლიდერებს სიტყვით გამოსვლისას შტაბის გარე ტერიტორიიდან საპროტესტო შეძახილები ესმოდათ. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას და ითხოვდნენ საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლებას. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები შტაბის ტერიტორიას ტოვებდნენ, რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება დემონსტრანტებსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის.

„ჩემთვის, როგორც ყველა მოქალაქისთვის, ძალიან მტკივნეული დღეებია, რადგან საბოლოო განაჩენს აცხადებენ. ანდრო ჭიჭინაძესა და ბიჭებს ორი წელი მიუსაჯეს სრულიად უმიზეზოდ და ამან ჩვენში კიდევ უფრო გააღვივა სურვილი, რომ მეტად ვიბრძოლოთ“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„ეს არის „ოცნების” მოგონილი ახალი მანიპულაციის ხერხი, რომელიც მხოლოდ თავიანთ ამომრჩეველზე მუშაობს და არა ჩვენზე. ერთის გამოშვება და ერთის დატოვება ახალი ხელწერაა. ყველა პატიმარი იყო გასათავისუფლებელი დღეს და არა მარტო დღეს“, – თქვა მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ საპროტესტო აქციაზე.

„რეჟიმის ფორმულა რაღაც ასე ლაგდება – 20 ადამიანს თუ იჭერენ და ერთს უშვებენ, ეს უნდა გვიხაროდეს. თან თუ არ უსჯიან 4-7 წლამდე და უსამართლოდ 2 წელს უსჯიან, ესეც უნდა გვიხაროდეს“, – თქვა მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ.

პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა მელიქიშვილის გამზირიდან ჯერ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. მოქალაქეთა მსვლელობა თბილისის ქუჩებში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ავტორი: ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:05:47
spot_imgspot_img
Send this to a friend