3 სექტემბრის სხდომაზე პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. სუსის ახალ უფროსს, პარლამენტის ტრიბუნიდან მოხსენება არ გაუკეთებია.
სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე ისაუბრა. პოსტზე დამტკიცების შემდეგ მედიასთან ზოგადი კომენტარები გააკეთა.
განცხადება მადლობით დაიწყო. ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ, გამოცხადებული ნდობისთვის მადლიერება გამოხატა.
მთავარ გამოწვევებზე საუბრისას კი საგარეო საფრთხეები დააფიქსირა. ახსენა ოკუპაცია, თუმცა რუსეთიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეებზე არაფერი უთქვამს. თქვა, რომ ქვეყნის შიგნითაც უამრავი პრობლემაა, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის გამოწვევები, რასაც სუსი უნდა გაუმკლავდეს. ამისთვის კი უშიშროების უწყებაში ცვლილებები დააანონსა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ მთელ გუნდს ნდობისთვის. უწყებაში ჩემი გუნდით მივალ. ვინ იქნება ჩემი გუნდი, ხვალ გაიგებთ. ირაკლი ბერაია აღარ იქნება. ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია. ჩემი ხედვა და ჩემი გუნდი მყავს. დარწმუნებული ვარ, წარმატებით ვიმუშავებთ. არ ვაპირებ, სპეცსამსახურში ვის რა თანამდებობაზე დავნიშნავ, იმის ახსნას თქვენთვის. იმდენად პროფესიონალი კადრები მეყოლება, რომ საკრიტიკოც არაფერი გექნებათ. „უსაფრთხოების სამსახურს თავისი ფუნქცია აქვს. სპეცსამსახურებისთვის მნიშვნელოვანია საიდუმლო ნაწილი, თუმცა შემიძლია, მეტი გახსნილობა დაგპირდეთ. თითოეული რგოლის ფუნქცია ძალიან დიდია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის ანტიტერორისტული მიმართულება, სადაზვერვო მიმართულება, კონტრდაზვერვის მიმართულება, ანტიკორუფციული მიმართულება. ამ საკითხებს განზრახ და გამიზნულად ვუსვამ ხაზს, სადაც ჩვენ სერიოზული შედეგები უნდა გვქონდეს. მაგალითად, ანტიკორუფციული მიმართულებით რამდენიმე წელიწადში პრაქტიკულად აღმოფხვრილი, არ ვაჭარბებ, ბოლომდე აღმოფხვრილი უნდა იყოს კორუფცია. ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და არცერთ მომენტში არ იყო არანაირი კორუფციული გარიგების მონაწილე. ეს შესაძლებელია, ეს უნდა დაიჯერონ ადამიანებმა და ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ რეალური მოქმედებებით, არა რაღაც ზედმეტი სიხისტით და ზედმეტად მკაცრი, საჩვენებელი მიდგომებით, არამედ რეალური ბრძოლით. ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები, გარე ჩარევები და გარე ჩარევებიდან გამომდინარე პროვოკაციის საფრთხეები ქვეყნის შიგნით – ეს არის ორი მთავარი მიმართულება იმ საფრთხეებისა, რაც საქართველოს დღეს აწუხებს ყველაზე მეტად და რასთან გამკლავებაც, მათ შორის, ქვეყანას, ქვეყანასთან ერთად, იმ სამსახურს ევალება, რომლის ხელმძღვანელობაც მე დამავალა საქართველოს პარლამენტმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის სუსის უფროსად დანიშვნას უპირობოდ მიესალმებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები და მდინარაძის ყოფილი კოლეგები. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ის ამ უწყებას პირნათლად გაუძღვება.
“იმ საფრთხეების გათვალისწინებით, როგორც გარე, ისე შიდა, რის წინაშეც იმყოფება დღეს საქართველო, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ქვეყნის დაცვის ხერხემალი, იყოს მოწოდების სიმაღლეზე. სწორედ ეს მოლოდინი გვაქვს მთელს გუნდს მამუკა მდინარაძისგან. ვფიქრობთ, რომ ის ეფექტურად გაუძღვება ამ უწყებას. ის აპირებს, რომ ისტიტუციურად გააძლიეროს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური, რაც ბევრი მიმართულებით, მათ შორის ანტიკორუფციული კუთხით, იქნება წარმატებული“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან მახაშვილი.
მამუკა მდინარაძე სუსში, მკვეთრად განსხვავებულად წარმოუდგენიათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ უწყებაშიც რეალურ გადაწყვეტილებებს, ბიძინა ივანიშვილი იღებს და არა ხელმძღვანელი.
“ბიძინა ივანიშვილი, ყოველთვის კომფორტულად იყო „ნაცებთან“ ურთიერთობაში. „ოცნებაში“ გადაპორტირებულ „ნაცებთან“ ურთიერთობაში. მამუკა მდინარაძე სწორედ ერთ-ერთი ასეთი „ნაცია“, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილი კომფორტულად იქნება. მას კარგად აქვს ათვისებული ყველა ის სისასტიკე, რაც მაშინდელი ხელისუფლების დროს იყო დანერგილი“, – აცხადებს „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გოგიჩაიშვილი.
მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე, ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელიც სუსიც უფროსად მხოლოდ 5 თვის განმავლობაში მუშაობდა. სუსის უფროსს პარლამენტი 6 წლის ვადით ამტკიცებს.
ავტორი: ალეკო გვეტაძე