მთავარიაზიაჩინეთიპეკინის სამხედრო გზავნილი

პეკინის სამხედრო გზავნილი

მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმიის მქონე ქვეყანა სამხედრო აღლუმზე რომ ათასობით ჯარისკაცს წარმოადგენდა, ალბათ არავის გაუკვირდა – პეკინში ტიანანმენის მოედანზე 10 000-ზე მეტმა სამხედრომ ჩიარა. თუმცა მიწვეულ სტუმრებთან ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა აქცენტი სულ სხვა რამეზე გააკეთა.

ამ მასშტაბურმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ჩინეთის სამხედრო ძალა მნიშვნელოვნად იზრდება. უახლესი შეიარაღების ჩვენებამ ცხადყო, რომ ჩინეთის ამბიციები გასცდა რეგიონულ საზღვრებს და გლობალური მასშტაბით ძალის დემონსტრირება  დაისახა  მიზნად. სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთის მიერ წარმოდგენილი ტექნოლოგიური სიახლეები მკაფიო გზავნილს ატარებს, რაზეც ყველა იმ ქვეყნის ხელმძღვანელობა უნდა დაფიქრდეს, ვინც პეკინს კონკურენტად მიიჩნევს.

და რა გამოჩნდა პირველად პეკინში?

პირველად გამოჩნდა  ბირთვული მზადყოფნის ე.წ. „ტრიადა“, რაც გულისხმობს ბირთვული იარაღის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საშუალებებს. სწორედ ამ ტრიადის ნაწილია საჰაერო ბაზირების, საჰაერო ბაზირების შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა Jinglei-1, წყალქვეშა ნავებზე ადაპტირებული რაკეტა Julang-3 და სახმელეთო კონტინენტთაშორისი რაკეტები Dongfeng-61 და Dongfeng-31.

ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო სწორედ უზარმაზარმა კონტინენტთაშორისმა ბალისტიკურმა რაკეტამ DF-61-მა. რომლის მოქმედების მანძილი რამდენიმე ათას კილომეტრს აჭარბებს და ბირთვული მუხტის მატარებეია.  აღლუმზე ასევე, წარმოდგენილი იყო ჰიპერბგერითი რაკეტები, რომლებიც ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ მეტი სიჩქარით მოძრაობენ და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ. მათ შორისაა: Yingji-19, Yingji-17, Yingji-20, Dongfeng-17 და Dongfeng-26D, რომლებიც როგორც ჩინური მედია იუწყება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში მოქმედების საბრძოლო შესაძლებლობებით“ არიან აღჭურვილი. სამხედრო აღლუმზე აჩვენეს DF-5C-ს ტიპის უახლესი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც აღჭურვილია 12  ბირთვულმუხტიანი განცალკევებადი ქობინით.

ჩინეთმა დრონების შთამბეჭდავი კოლექციაც წარმოადგინა. მათ შორის არის უზარმაზარი უპილოტო წყალქვეშა ნავები და FH-97, ასევე ე.წ. სტელს-დრონი, რომელსაც შეუძლია პილოტირებულ თვითმფრინავებთან ერთად კოორდინირებული შეტევების განხორციელება და სადაზვერვო ფუნქციების შესრულებაც.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე ლაზერული იარაღია. ჩინეთმა წარადგინა ორი ტიპის ლაზერი: ერთი საზღვაო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, და მეორე, შედარებით მცირე ზომის, რომელიც სატვირთო მანქანაზეა დამონტაჟებული. სამხედრო ანალიტიკოსთა აზრით ამ ტიპის იარაღის მთავარი უპირატესობა მისი ეფექტიანობა და დაბალი ხარჯებია. ლაზერული იარაღი ეფექტურად ებრძვის დრონებს და მიმართული ენერგიით აზიანებს მოწინააღმდეგის ელექტრონულ სისტემებს.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ჩინეთი ცდილობს სწრაფად შეავსოს ტექნოლოგიური ხარვეზი. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიზის მიხედვით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პეკინის თავდაცვის ხარჯები 13-ჯერ გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა ეს აშშ-ის თავდაცვის ხარჯების მხოლოდ მესამედს შეადგენს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთს, კორეის ომის შემდეგ, არ უბრძოლია მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში და მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სამხედრო ძალა ტექნოლოგიურად დახვეწილია, აღლუმები სამხედრო ეფექტურობის კარგი მაჩვენებელი არ არის.

პეკინის შთამბეჭდავმა წარმოდგენამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩინეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას აპირებს, სადაც ის დომინანტი იქნება. ახლა რჩება მთავარი კითხვა: შეძლებს თუ არა ჩინეთი, თავისი უზარმაზარი ინდუსტრიული და სამხედრო პოტენციალით, რეალობად აქციოს ეს ხედვა.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:47
spot_imgspot_img
Send this to a friend