ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, კომისიაზე 10 სექტემბერს განიხილავენ დოკუმენტს სახელწოდებით „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“.
დოკუმენტის მიხედვით, მოსმენაზე საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახვევის გლობალურ შედეგებს განიხილავენ. განცხადებაში წერია, რომ საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო, დღეს კი „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთსა და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს.
„მათ დაიჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად იყო აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
ამავე განცხადებიდან ვიგებთ, რომ სხდომაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელსა და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარ ლუკ კოფის მოუსმენენ.
განცხადებაში ასევე წერია, რომ მოწმეები განიხილავენ ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებას, რათა დაეხმაროს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობისა და შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობაში.
