მთავარისაქართველოპარლამენტმა საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, დადგენილება მიიღო

პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, დადგენილება მიიღო

პარლამენტმა 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო დადგენილების პროექტი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“ დადგენილების პროექტი სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

მისი განმარტებით, 460-გვერდიანი დასკვნის საფუძველზე მომზადდება მყარი და საფუძვლიანი სარჩელი, რომელიც გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში.

„საგამოძიებო კომისიისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განხილული  ინფორმაციისა და დასკვნაში მოყვანილი ფაქტების გაანალიზების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას, კორუფციის, ბიზნესის რეკეტისა და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს. მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პირების ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას 2012-2025 წლებში. გუშინ თეა წულუკიანმა წარმოადგინა შემაჯამებელი დასკვნა, 460-გვერდიანი დასკვნის დოკუმენტიდან. საგამოძიებო კომისიამ გასწია კოლოსალური შრომა. საზოგადოების სახელით, მინდა, ამ ტრიბუნიდან კომისიას უღრმესი მადლობა გადავუხადო, რადგან უმნიშვნელოვანესი პროცესი წარიმართა საქართველოს პარლამენტში. თითოეული ეს მიმართულება არის აღწერილი 460-გვერდიან დასკვნაში. პროცესს როდესაც ვადევნებდით თვალყურს, ეს იყო ლუსტრაცია და მხილება, ხშირ შემთხვევაში, თვითმხილება ამ რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რეალურად რას ემსახურებოდნენ დემოკრატიის სახელით და დემოკრატიის შუქურის საფარის ქვეშ. რეალურად, ვინ ესაუბრებიან დღეს ჩვენს ახალგაზრდობას დემოკრატიის და დემოკრატიის პრინციპების სახელით აქ, რუსთაველის გამზირზე თუ სხვაგან, თავიანთ გათითოკაცებულ პარტაქტივს – ხშირ შემთხვევაში, გადაღებილ-გადანომრილი მათივე პოლიტიკური მემკვიდრეები“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მიღებულ დადგენილებას ეხმაურებიან ადრესატ პარტიაში. “ნაციონალურ მოძრაობაში” თვლიან, რომ ეს დასკვნა მოღალატეობრივი მიზნებით შეადგინეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა.

“კომისიის მიზანია ჩამობანოს პუტინს ხელები და გაუხსნას ხელ-ფეხი საქართველოს საწინააღმდეგოდ სამოქმედოდ. ეს პუტინისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალა ლაპარაკობს, რომ ომი პუტინის „რაშისტულმა“ რუსეთმა კი არ დაიწყო, არამედ საქართველომ. ბუნებრივია, ეს მას მისცემს საქართველოს წინააღმდეგ დიპლომატიურ არენაზე მოქმედების და საქართველოს აქეთ დადანაშაულების შესაძლებლობას, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის მხრიდან, რომელიც უკვე მეცამეტე წელია ასრულებს პუტინის გეგმას საქართველოში“,-განაცხადა ბარამიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:47
spot_imgspot_img
Send this to a friend