მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობა მიუსაჯა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციებისას დაკავებულ 11 პირს. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 დემონსტრანტს თავისუფლების აღკვეთა 2-2 წლის ვადით განესაზღვრათ.
მოსამართლემ წარდგენილი ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა და შემსუბუქდა სასჯელის ვადა, თუმცა უცვლელი დარჩა მისი ფორმა, პატიმრობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 11-მა დემონსტრანტმა მონაწილეობა მიიღო „ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია”. განაჩენის გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში უკვე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვამდე სასამართლომ მოისმინა ბრალდებულთა დასკვნითი სიტყვები:
„12 წლის ვიყავი, როცა სანდრო გირგვლიანი მოკლეს, ჩემი ოჯახის ახლობელი. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ისჯებოდნენ მაღალჩინოსნები? მეორე გაურკვევლობა ის იყო – რატომ არ გამოხატავდა საზოგადოება პროტესტს საკმარისად? მთავარი მიზეზი იყო შიში…
ზუსტად ამ პერიოდში დავპირდი საკუთარ თავს ბავშვურად, რომ ნებისმიერ რამეს, რაც საჭირო იქნება, ვიტყვი და არ შემეშინდება, ჩემს მტერს ჩემს თავზე არ გავამარჯვებინებ-მეთქი. ამის შემდეგ ბევრჯერ დავმარცხდი და ბევრჯერაც გავიმარჯვე. ეს ბრძოლა გაგრძელდება ყოველთვის…” – თქვა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ.
„ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულისთვის, იმის გამო, რომ ვიდექით საქართველოს დასაცავად, იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა ევროპა. აღარ გვინდა, რუსეთი… 1992 წლის 2 თებერვალს მე ძმა დავკარგე, 17 წლის ბიჭი, რომელსაც საქართველოს დროშა ეკავა და 300 000 კაცს მოუძღოდა წინ… საქართველოს ბევრი სახელოვანი გმირი ჰყავს, ჩემი ძმის თამადობით…” – თქვა გიორგი ტერიშვილმა.
„14 წლის ბავშვი ვიყავი, როცა 9 აპრილს, მამაჩემის გვერდით ვიდექი. ახლა 50 წლის კაცი ვარ და არაფერი გამომიტოვებია, ვიყავი აფხაზეთში… მე ვიბრძვი არა ჩემი სიკეთისთვის, არამედ ჩემი შვილებისა და შვილიშვილების ნათელი, ევროპული მომავლისთვის. მე ვამბობ სიმართლეს, სიმართლისთვის ვისჯები… სამუდამოც რომ მოგვისაჯონ ჩვენ იქაც განსხვავებით სხვებისგან თავისუფლები ვართ, იქიდანაც ვიბრძოლებთ, იქიდანაც დაგამარცხებთ…” – ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს უკვე მსჯავრდებულმა, ჯანო არჩაიამ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პროკურატურა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლეს განაჩენი სისიხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით უნდა გამოეტანა, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილებს გასაჩივრებას შემდეგ ინსტანციაში გეგმმავს. განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს მსჯავრდებულთა დაცვის მხარეც. ადვოკატები ამბობენ, რომ მიმართავენ ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
საქმის რვათვიანი განხილვის განმავლობაში არც ერთ დაკავებულს ბრალი არ უღიარებია. სასამართლო სხდომებზე მათ არაერთხელ თქვეს, რომ ისინი 2024 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს იცავდნენ. უკვე მსჯავრდებული ახალგაზრდები მათ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.