გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ჩინეთში სერბეთისა და სლოვაკეთის ლიდერები ჩავიდნენ. ალექსანდრ ვუჩიჩსა და რობერტ ფიცოს პეკინში საგანგებოდ დახვდნენ. ისინი ხვალ, 3 სექტემბერს, სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას, მანამდე კი ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.
უკვე შედგა შეხვედრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. რობერტ ფიცომ და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თავის მხრივ, მოსკოვმა ბრატისლავა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებისთვის შეაქო.
„ვაფასებთ იმ დამოუკიდებელ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებთ. ის დადებით შედეგს აჩვენებს, პირველ რიგში ეკონომიკურად. რუსეთი სლოვაკეთისთვის ენერგორესურსების სანდო მიმწოდებლად რჩება. მე არ მსურს, ჩაგაყენოთ რთულ მდგომარეობაში და ნატოსა და ევროკავშირის კრიტიკას მივყვე. ამასთან ის ფაქტი, რომ ისინი მუდმივად ძაბავენ ვითარებას იმის თქმით, რომ რუსეთი თავს დაესხმება ვინმეს ევროპაში, მიუღებელია.
ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ ეს ან პროვოკაციაა, ან სრული არაკომპეტენტურობა, რადგან ყველა ხვდება, რომ რუსეთს არასდროს ჰქონია სურვილი, ვინმეს დასხმოდა თავს. კონფლიქტი უკრაინაში ჩვენს აგრესიულ ქმედებას არ უკავშირდება, არამედ უკავშირდება იმას რომ დასავლეთმა ხელი შეუწყო სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში. ამას მოჰყვა მოვლენები ყირიმში. რუსეთი კი იძულებული იყო, დაეცვა მისი ინტერესები და მისი ხალხი. სხვა მიზანი ჩვენ არ გაგვაჩნია.
ნატოს მეშვეობით ხდება პოსტსაბჭოთა სივრცის ჩაყლაპვა და გვიწევს ამაზე რეაგირება. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრამაც აჩვენა, რომ მათ ჩვენი ესმით, რადგან აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ამის მოსმენა არ სურდა. ახლა ურთიერთგაგებაა და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება.
გეტყვით, რომ უკრაინის ევროკავშირის წევრობაზე წინააღმდეგობა არასოდეს გამოგვითქვამს, ნატო კი სხვა საკითხია. აქ რუსეთის უსაფრთხოების ხანგრძლივვადიან უზრუნველყოფას ეხება საქმე და ეს მიუღებელია. ბუნებრივია, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მაგრამ ეს სხვისი ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე ვერ მოხდება. არსებობს სხვა ვარიანტებიც უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში. ეს იყო განხილვის თემა და ამ მხრივ არსებობს შესაძლებლობები”, – უთხრა რობერტ ფიცოს ვლადიმერ პუტინმა.
მხარეებმა უკრაინის მიერ გაზსადენ „დრუჟბაზე” მიტანილი იერიშებიც განიხილეს, რომლითაც რუსეთი ბუნებრივ აირს აწვდის მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს. რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ეს მიუღებელია და საკითხის წამოჭრას გეგმავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც, რომელთან შეხვედრაც პარასკევსაა ჩანიშნული.
„მსურს, ღიად გითხრათ, რომ დაინტერესებული ვართ სლოვაკეთისა და რუსეთის ურთიერთობის სტანდარტიზებით. გთავაზობთ კომისიების შეხვედრას, რაც შეიძლება მალე. მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, რაც ტიპურად ითვლებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. მოვძებნოთ საკითხები, რომლებზეც ჩვენი ქვეყნები კარგად თანამშრომლობენ. ჩვენ რეგულარულად ვიღებთ ბუნებრივ აირს თქვენგან, მოცულობები იზრდება.
ჩვენ ძალიან ხისტად ვპასუხობთ ჩვენს ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, რასაც ახლახან ჰქონდა ადგილი. მე პარასკევს შეხვედრა მექნება უკრაინის პრეზიდენტთან უჟჰოროდში და სერიოზულად დავაყენებ ამ საკითხს მასთან. შეუძლებელია ასეთი თავდასხმა გაგრძელდეს იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ამდენად მნიშვნელოვანია სლოვაკეთისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ რუსული გაზისა და ნავთობის შეძენით.
იცით, ჩვენი პოზიცია ევროკომისიის გადაწყვეტილების თაობაზეც, რომელიც 2028 წლის იანვრიდან გაზის იმპორტის შეჩერებას გულისხმობს, ჩვენ ამას არასოდეს დავუჭერთ მხარს”, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.