განაჩენი გამოცხადდა პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მუხლი უფრო მსუბუქ, 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა. ეს მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. შემსუბუქებული მუხლის მიუხედავად, მოსამართლემ გამოიყენა სასჯელის ყველაზე მკაცრი ფორმა – პატიმრობა.
2 წელი და 6 თვე განესაზღვრათ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს. ორი წლით თავისუფლების აღკვეთა კი მიესაჯა დანარჩენ ხუთ პირს.

დაცვის მხარის თქმით, გადაკვალიფიცირებულ მუხლში წაშლილია ზღვარი ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის, თუმცა დარჩენილია ჯგუფურობის კომპონენტი. ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ბრალდების მხარეც. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სასამართლოს განაჩენი უფრო მკაცრი, 225-ე მუხლით უნდა გამოეტანა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება. აგრეთვე დაზიანდა თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა. საქართველოს პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებად და მასში მონაწილეობად გადააკვალიფიცირა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“, – ამბობს პროკურორი ვაჟა თოდუა. მის კომენტარს საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უნდა ყოფილიყო და სამწუხაროა, როცა სასამართლოს გამბედაობა არ ეყო კანონიერი, სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო. არ არსებობდა მტკიცებულებები, რომ დღევანდელი სხდომა აღნიშნული შედეგით დასრულებულიყო. მტკიცებულებები უტყუარობის, კანონიერების ნაწილში უნდა შეფასდეს და ვერც ერთი სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა აღნიშნულმა განაჩენმა.
ნებისმიერი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, ეს გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ გადააკვალიფიცირა, ვერ უძლებს მინიმალურ სამართლებრივ კრიტიკასაც კი…“ – თქვა ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, არჩილ ჭავჭანიძემ.
დაკავებულთა ოჯახების წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე პატიმრობაში მყოფი თითოეული პირი გისოსებს მიღმა იმყოფება.
საქმის რვათვიანი განხილვის მიუხედავად, არც ერთ დაკავებულს ბრალი არ უღიარებია. სასამართლო სხდომებზე მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ არ აპირებენ, მიმართონ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს.
