რუსთაველის გამზირზე პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დაკავებულია 20-ზე მეტი პირი.
ვითარება რუსთაველის გამზირზე არაერთხელ დაიძაბა. მოქალაქეები ცდილობდნენ, გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი, რისი შესაძლებლობაც თავდაპირველად მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი ორ ადგილას, პარლამენტის წინ და „რუსთაველის თეატრთან” გადაკეტეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს არაერთხელ მოუწოდეს, არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, თუმცა ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ დემონსტრანტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
2 სექტემბერს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებოდნენ. მოგვიანებით, მათ ჯერ საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელთან, შემდეგ კი წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
აქციას შეუერთდნენ ის აქტივისტებიც, რომლებიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებისას დაკავებულთა დასკვნით პროცესებს ესწრებოდნენ. სასამართლომ დღეს აქციებისას დაკავებული ცხრა პირი ცნო დამნაშავედ და მათ პატიმრობა მიუსაჯა.
