მთავარისაქართველოპრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება ევროკომისიის „გონივრულ“ მოთხოვნებს შეასრულებს

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება ევროკომისიის „გონივრულ“ მოთხოვნებს შეასრულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, შეასრულოს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა, ოღონდ იმ პირობით, თუკი ეს მოთხოვნები „გონივრული“ იქნება.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევრობლოკისგან შესაბამისი დასაბუთება სჭირდება ევროკომისიის მერ ქვეყნისთვის მიცემული რეკომენდაციების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ევროკომისიას უკვე გაუგზავნა საპასუხო წერილი, მათ მიერ ქვეყნისთვის რეკომენდაციების შესასრულებლად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ. ევროკავშირმა ამ ვადად 31 აგვისტო განსაზღვრა. წერილის შინაარსი ჯერ საჯარო არ არის.

ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას ვერ დაუსაბუთა, რატომ უნდა გაუქმდეს ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონი, ან რატომ არ უნდა შესულიყო „ოჯახურ ღირებულებებთან“ დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში.

„ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ აბსოლუტურად უკლებლივ ყველა გონივრული მოთხოვნა, უნდა დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები არის გონივრული და ყველას შევასრულებთ. იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც იყო გონივრული და თავიდან ბოლომდე შევასრულეთ.

იყო არაგონივრული მოთხოვნები, ვერ დაგვისაბუთეს, რატომ ითხოვდნენ ამ ყველაფერს, მათ შორის იგივე ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით კანონის შესახებ რა მოთხოვნებიც ჰქონდათ, იგივე „გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით რა მოთხოვნებიც ჰქონდათ. ვერ ასაბუთებენ, რატომ არის გაუმჭვირვალობა კარგი. ვერაფრით ვერ ასაბუთებენ, ან რატომ არის კარგი ის, რომ ერთსქესიანმა წყვილმა აიყვანოს შვილად არასრულწლოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend