კატეგორიები

„გარე ძალებს სურთ ჩვენი და კანდიდატი ქვეყნების მარცხი, ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა საქართველოში” – მარტა კოსი

„გარე ძალებს სურთ ჩვენი და კანდიდატი ქვეყნების მარცხი, ჩვენ  ვნახეთ, რაც მოხდა საქართველოში” – მარტა კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, გარე ძალები დაინტერესებულები არიან, როგორც ევროკავშირის, ისე კანდიდატი ქვეყნების მარცხით. ამის მაგალითად მან საქართველოს შემთხვევა მოიყვანა.

მისი თქმით, მოლდოვაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებიც იგივე სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც რუსეთი ცდილობს პროევროპულ ძალებსა და საზოგადოებასთან ბრძოლას.

„მე ხედავ, რომ გაფართოების პროცესი არ ეხება იმას, რომ ევროკავშირი უფრო დიდი გავხადოთ და მეტი კილომეტრი ან ადამიანი მოვიცვათ, არამედ გაფართოება ჩვენთვის არის ევროპის გაერთიანება, რისი მსგავსიც ისტორიაში აქამდე არ გვქონია. წითელი ხაზი, რომელსაც კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობაში ვაწყდები, ეხება ხელმძღვანელობას.

გაწევრიანების პროცესი ვერ იქნება წარმატებული, თუ მას არ უძღვებიან ლიდერები, რომლებსაც პირველ რიგში თავად სწამთ, რომ ევროკავშირის წევრობა მათი ქვეყნისთვის საუკეთესო რამაა. ამისათვის კი საჭირო არიან ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ რეფორმები, ვისაც ესმით, როგორ გადაჭრან ორმხრივი საკითხები, ვისაც ესმის, რომ ეს მათი ამოცანაა, მიიყვანონ მოქალაქეები იმ წერტილამდე, რომ ყველას ესმოდეს, თუ რისკენ მიდიან და რას აკეთებენ.

თუ ხალხი არ დაიჯერებს და ლიდერები არ ისაუბრებენ იმაზე, თუ რატომაა ეს მნიშვნელოვანი და საამისოდ რა უნდა გაკეთდეს – ევროკავშირის წევრობაზე ფართო მხარდაჭერას ვერ მიიღებ. ამ ასპექტს აქვს დიდი მნიშვნელობა. გაფართოება არ ეხება მხოლოდ იმას, რასაც ბრიუსელში ვაკეთებთ, ან რასაც ლიდერები აკეთებენ, არამედ იმას, თუ როგორ უჭერს ამას მხარს საზოგადოება, პარლამენტი, სამოქალაქო სექტორი. ამ პროცესში არ არსებობს მოკლე გზები, 2030 წელს ორივე მხარე უნდა იყოს მზად გაფართოებისთვის – კანდიდატი ქვეყანაც და ჩვენც. მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყნები მივიღოთ, ამ გზაზე უნდა ვიხილოთ შედეგი.

სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, კორუფციასთან ბრძოლა, თავისუფალი მედია – ესაა საკითხები, რომლებიც ვაჭრობას არ ექვემდებარება. ეს უნდა შესრულდეს. ასევე ვიტყოდი, რომ გეოპოლიტიკა შეიცვალა და ამჟამად ვაწყდებით ფაქტს, რომელსაც მე „გარე დესტრუქციულ ძალებს” ვუწოდებ. მარტივად რომ ვთქვათ, აქამდე კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში ხდებოდი ევროკავშირის წევრი, ახლა ჩვენ გვყავს გარე ძალები, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ კანდიდატი ქვეყნების მარცხი. ჩვენ  ვნახეთ, რაც მოხდა საქართველოში. სექტემბრის ბოლოს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია მოლდოვაში, სადაც რუსეთი ებრძვის მოქმედ ხელისუფლებასა და ხალხს, რომლებმაც ევროპულ მომავალზე გააკეთეს არჩევანი”, – აღნიშნა მარტა კოსმა.

ამის შესახებ ევროკომისარმა სლოვენიაში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა, Bled Strategic Forum-ის ერთ-ერთი პანელი სწორედ გაფართოების მომავალს დაეთმო.  განცხადებებში იკითხება, რომ ამ პროცესში ამჟამად ბრიუსელის მთავარი აქცენტი უკრაინისა და მოლდოვაზე კეთდება, რომელთათვისაც მოლაპარაკებები ბრიუსელმა გასულ წელს გახსნა, განსხვავებით საქართველოსგან, რომელმაც მოლაპარაკებების გახსნის პროცესი საკუთარი ნებით შეაჩერა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები