მთავარისაქართველოგანაჩენი გამოცხადდა აქციებისას დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმეზე

განაჩენი გამოცხადდა აქციებისას დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმეზე

8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს.

განაჩენის გამოცხადებამდე ანტონ ჩეჩინმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. საქართველოში დაკავებულმა რუსეთის მოქალაქემ მის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა – თქვა, რომ სამოქალაქო პოზიციის გამო ისჯება:

„კომპენსაცია ვერ შეცვლის ჩემს მეუღლესა და მშობლებთან დაშორებას… ვერაფერი ვერ აანაზღაურებს იმ დროს, რომელიც მე ციხეში გავატარე… 9 თვის განმავლობაში მე ვერ ვპოულობდი გზას, სადაც ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას შევძლებდი…

ციხეში ირღვევა ჩემი უფლებები… სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იყო შეტანილი რამდენიმე საჩივარი. გამოძიება არ იწყება იმიტომ, რომ უწყებას ხელმძღვანელობს პროკურატურა, რომელიც ჩემ წინააღმდეგაა განწყობილი, მარტო იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ბრალდებული, არამედ იმის გამოც, რომ მე გამოვდიოდი პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ…“

მსჯავრდადებულის მეუღლე მანანა სამხარაძე ამბობს, რომ განაჩენი ანტონ ჩეჩინისთვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მისივე თქმით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიასთვის ეს კარგად იყო ცნობილი.

სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურა. უწყების თანახმად, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს. საგამოძიებო ორგანოსგან განსხვავებით გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარე. ანტონ ჩეჩინის ადვოკატი მიუთითებს გამოძიებისა და სასამართლოში საქმის განხილვისას არსებულ დარღვევებზე, ასევე შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე. გიორგი ჩხეიძე მიუთითებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, მათ შორის შორენა ტაბატაძეზე. ის თარჯიმანია, თუმცა საქმეში ე.წ. „ნეიტრალური მოწმის“ სტატუსით იყო წარმოდგენილი. ადვოკატის თქმით, შორენა ტაბატაძე თავად აღიარებს, რომ „ბევრ ადამიანს იცნობს საგამოძიებო სტრუქტურებში“.

ანტონ ჩეჩინი რუსეთის მოქალაქეა. სამშობლოში ყოფნისას ის აქტიურად მონაწილეობდა ვლადიმერ პუტინის მმართველობის საწინააღმდეგო აქციებში. უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ანტონ ჩეჩინი საქართველოში ჩამოვიდა, მისი თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:47
spot_imgspot_img
Send this to a friend