საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა დეპუტატებს ხუთთვიანი მუშაობის შედეგად მომზადებული დასკვნა გააცნო.
დოკუმენტი 430 გვერდამდეა და მასში თეა წულუკიანის განცხადებით, ის ძალადობრივი ქმედებებია ასახული, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას” ახასიათებდა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ წინამორბედი ხელისუფალი სახელმწიფოს სისასტიკით მართავდა.
„შემაჯამებელი შეფასების სახით, უნდა აღინიშნოს, რომ არც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და არც შემდგომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა და კვლავაც კეთდება იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი განვითარების ეპოქად შეირაცხოს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ძალადობრივი წარსულისაგან განიბანოს და გარე ძალებისა და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით დაუბრკოლებლად განაგრძოს კონსტიტუციური წყობილების, სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მის მიერ ამჟამად წარმოებული საქმიანობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საგამოძიებო კომისიის დასკვნას მოღალატეობრივი რეჟიმის რევანშად აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება” კრემლის მიზანს ასრულებს, რითაც 2008 წლის ომის დაწყება საქართველომ უნდა დაიბრალოს.
ეს საგამოძიებო კომისია „ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის შემდეგ შექმნა და მისი მიზანი წინა ხელისუფლების საქმიანობის შესწავლაა. ამის შემდეგ პარლამენტი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მისი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით.
