სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა.
შემდეგი პროცედურა ითვალისწინებს საკითხის გატანას პლენარულ სხდომაზე. 2 სექტემბერს საშემოდგომო სესია იხსნება და პარლამენტის დღის წესრიგში სუს-ის ახალი უფროსის დანიშვნაა. ამ თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე 23 აგვისტოს წარადგინა.
23 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „ფეისბუკის“ გვერდზე გავრცელდა ანრი ოხანაშვილის განცხადება. ამ განცხადებით მან საზოგადოებას თანამდებობის დატოვების შესახებ ამცნო და თქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე“.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანრი ოხანაშვილისთვის ეს მესამე საკადრო ცვლილებაა. 2024 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ ის იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა, 4 აპრილს კი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის. ამ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხეობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მრჩეველი იქნება