მთავარიაზიაჩინეთისახიფათო ერთობა ჩინეთის გარშემო

სახიფათო ერთობა ჩინეთის გარშემო

ჩინეთი მეგობრების ნაკლებობას არ უჩივის. მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ფოტოც ერთგვარი  განაცხადია, დემონსტრაცია იმისა, რომ პეკინი გეოპოლიტიკაში მიზიდულობის ახალ ცენტრად ცდილობს ჩამოყალიბდეს. ამის ფანჯარა მას ვაშინგტონის არაპროგნოზირებადმა პოლიტიკამ გაუჩინა, რომლით სარგებლობაც არ დააყოვნა.

მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ფოტო, თიენძინი, ჩინეთი, 1-ელი სექტემბერი, 2025 წელი Copyright Huang Jingwen/Xinhua via AP

მსოფლიოს ცნობილი ავტოკრატიების ნაწილი ჩინეთის საპორტო ქალაქ თიენძინში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” 25-ე შეკრების ფარგლებში შეხვდნენ. დასავლეთში სტუმრების ამგვარ შემადგენლობას საშიშ კავშირად აღიქვამენ, ზოგიერთი უფრო შორს მიდის და მათ „აჯანყების ღერძადაც” კი მოიხსენიებს. სი ძინპინის გარშემო შეკრებილების დიდი ნაწილი ამგვარი ხედვების გაქარწყლებას სულაც არ ცდილობს და მსოფლიოს თიენძინიდან შეახსენებს, რომ მმართველობასა და მომავალს სულ სხვა პრიზმიდან ხედავენ.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” წევრები, მეგობრები და პარტნიორები არიან. პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სტრატეგიული კომუნიკაცია, შევქმნათ კოლექტიური კონსენსუსი, გავაძლიეროთ ერთობა და კოორდინაცია, ერთმანეთის ძალების სრული გამოყენება – ვიმუშაოთ ერთად მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ რეგიონში.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია” დღითიდღე ზრდის საერთაშორისო გავლენას. გეგმაში გვაქვს 100 „პატარა მაგრამ ლამაზი” სასიცოცხლო პროექტის განხორციელება წევრ სახელმწიფოებში, ვისაც ამის საჭიროება აქვს. 100 მილიონ იუანს სესხის სახით გამოვყოფთ, 2 მილიარდი იუანი უკვე გამოვყავით გრანტის სახით”, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა.

2 მილიარდი იუანი თითქმის 30 ტრილიონი დოლარია, ეს კი ჩინეთის მზარდი ეკონომიკის ფონზე დასაწყისს ჰგავს. რუსეთი, ირანი, ინდოეთი, პაკისტანი, თურქეთი, ბელარუსი თუ შუა აზია – იმ 26 სახელმწიფოს შორის არიან, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისადმი მიძღვნილ აღლუმთან დაკავშირებით ჩავიდა. მათ მულტიპოლარული სამყაროს ხილვა სურთ – ამაზე საკუთარი ნარატივი ააგო ყველაზე მოქნილად რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც ჩინეთში უკვე ხშირი სტუმარია და უკრაინაში ომის დაწყება ნატოს ქვეყნებს დააბრალა.

„სისტემა, რომელიც ჩაანაცვლებდა მოძველებულ ევროცენტრულ და ევროატლანტიკურ მოდელებს და გაითვალისწინებდა ქვეყნების რაც შეიძლება ფართო სპექტრის ინტერესებს, ნამდვილად დაბალანსებული იქნებოდა და, შესაბამისად, არ დაუშვებდა ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მცდელობას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. ამ შესაძლებლობის გამოყენებით მინდა ვთქვა, რომ რუსული მხარე უკრაინის ირგვლივ არსებულ კრიზისთან დაკავშირებით იმავე მიდგომებს იცავს. რა თქმა უნდა, იმისათვის რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, უნდა აღმოიფხვრას კრიზისის ძირითადი მიზეზები და უსაფრთხოების სფეროში სამართლიანი ბალანსი უნდა აღდგეს. მსურს, აღვნიშნო, რომ რუსეთ-ამერიკის მაღალი დონის შეხვედრაზე ალასკაში ერთმანეთს გავუგეთ, რაც იმედი მაქვს, გზას გაუხსნის უკრაინაში მშვიდობას”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

ჩინეთში მოიწვიეს ევროპელებიც, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. თიენძინში ჩავიდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებიც, რომლებმაც სულ ახლახან ვაშინგტონში სამშვიდობო მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ უკანასკნელმა პეკინთან სტრატეგიული თანამშრომლობაც კი შეათანხმა.  ქვეყანაშია თურქეთის პრეზიდენტიც. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს კოლეგას პირისპირ შეხვედრაზე ისევ მოუწოდა სამშვიდობო პროცესების დაჩქარებისკენ. უკრაინის საკითხს პუტინთან პირისპირ შეხვედრაზე არაერთმა ლიდერმა გაუსვა ხაზი.

„ჩვენ გამოვთქვით სურვილი, გიმასპინძლოთ თურქეთში. ჩემი შეთავაზება ძალაშია. იმედი გვაქვს, ჩვენს ქვეყანაში იმდენად მალე გიხილავთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს, გაგვაჩნია ნდობა, ჩვენი ურთიერთობა კი პროგრესირებს სპეკულაციების მიუხედავად”, – უთხრა ერდოღანმა პუტინს.

ყველაზე დიდი ზარ-ზეიმით კი ჩინეთში დახვდნენ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ამ მიწაზე ფეხი 7 წელია, აღარ დაუდგამს და რომელმაც სულ ახლახან  საკუთარ თავზე აშშ-ის 50%-იანი ტარიფები იწვნია. ამან სტრატეგიულ მეტოქესთან, ჩინეთთან, მისი ვიზიტი კიდევ უფრო გასაგები გახადა. აზიის ორი გიგანტი ახლა პირდაპირ ფრენებსა და მჭიდრო მეგობრობაზე ალაპარაკდა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნერანდრა მოდი, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტი, თიენძინი, ჩინეთი, 1-ელი სექტემბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Rafiq Maqbool

„ჩვენ გვჯერა, რომ დაკავშირებადობისკენ სწრაფვის პარალელურად პატივი უნდა ვცეთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მკაფიოა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქარტიიდანაც:  დაკავშირებადობა, რომელიც გვერდს უვლის სუვერენობას, კარგავს ნდობასა და მნიშვნელობას. გლობალური სამხრეთის მისწრაფებების მოძველებულ ჩარჩოებში დატყვევება უსამართლობაა მომავალი თაობის წინაშე. ახალი თაობის მრავალფეროვანი ოცნებები ვერ გაშუქდება შავ-თეთრ ეკრანებზე. ეკრანი უნდა შეიცვალოს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია კი შესაძლოა იქცეს გიდად მრავალმხრივ და ინკლუზიურ სამყაროში”, – აღნიშნავს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნერანდრა მოდი.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში” უსაფრთხოების საკითხებს 10 მუდმივმოქმედი წევრი განიხილავს – ჩინეთი, რუსეთი, ბელარუსი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. დანარჩენები ან დამკვირვებელი ან დიალოგში ჩართული პარტნიორი ქვეყნები არიან. ჯამში ის ქვეყნები, რომლებსაც ჩინეთში ჩასული სტუმრები წარმოადგენდნენ მსოფლიო მოსახლეობის 43 პროცენტს შეადგენს, რაც თავის მხრივ მსოფლიო ეკონომიკის მეოთხედია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend