26 წლის წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამშვიდობო ოპერაციების დროს ქართული დროშა პირველად გამოჩნდა. 1999 წელს პირველი მისია კოსოვოში, ქალაქ მამუშაში, შესრულდა.
რამდენიმე წლის შემდეგ მისიის მანდატი გაფართოვდა და ქართველი სამხედროები უკვე გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში 2003 წლიდან ქალაქ პრიზრენშიც გამოჩნდნენ. სწორედ კოსოვოში დაწყებული სამშვიდობო მისიით იწყება ქართველი მშვიდობისმყოფელების ისტორია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა კოსოვოში მისია 2008 წელს უდანაკარგოდ ოცეულის 17 და ასეულის 11 როტაციით დაასრულა. ამ დროს უკვე ორ სხვა სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალები. 2003-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის ძალები ერაყში „მრავალეროვნულ ძალებს“ შეუერთდნენ. ქართული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა სრული სპექტრის ოპერაციები, მათ შორის: საკვანძო ობიექტების დაცვა, პატრულირება და ჩხრეკა, ასევე საკონტროლო-გამშვები პუნქტებისა და საინჟინრო უსაფრთხოების ოპერაციები, სამხედრო ჰოსპიტლის დახმარება და სხვა.
ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მისია, რომელშიც ქართველმა სამხედროებმა თავი გამოიჩინეს, ავღანეთს უკავშირდება. ნატოს საერთაშორისო მისიას — „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებს“ — საქართველო 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. მას შემდეგ ეტაპობრივად იცვლებოდა ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა და მათი ამოცანები. ქართული ქვედანაყოფები იცავდნენ უმნიშვნელოვანეს სამხედრო ბაზებს, პატრულირებდნენ რამდენიმე რეგიონში, მონაწილეობდნენ ანტიტერორისტულ და სხვა ტიპის ოპერაციებში, ამზადებდნენ ავღანური არმიის საარტილერიო ქვედანაყოფებს და ეხმარებოდნენ სამხედრო ჰოსპიტალს.
2015 წლის 1-ელი იანვრიდან ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დაიწყო ნატოს ახალი „მტკიცე მხარდაჭერის მისია“, რომელშიც კვლავ გაგრძელდა ქართველი სამხედროების კონტრიბუცია. ავღანეთის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიზნით, ქართული ქვედანაყოფები ოთხი თვის განმავლობაში გადიოდნენ ინტენსიურ გადასროლისწინა მომზადებას, რომელსაც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ქართული კონტინგენტი ერთი თვის განმავლობაში, გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებას გადიოდა. იზრდებოდა ქართველი ჯარისკაცების კვალიფიკაცია და უმჯობესდებოდა ბრძოლისუნარიანობა. ავღანეთში ქართული სამშვიდობო მისია 2021 წელს დასრულდა. ორი წლის შემდეგ კი დასრულდა მისიები აფრიკის კონტინენტზეც — ცენტრალური აფრიკისა და მალის რესპუბლიკებში.
„ეს არის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მომზადება ოპერაციებისათვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი (მომზადება), რომელიც იყო, არის და დარჩება ეროვნული პასუხისმგებლობის ქვეშ. ქართული საბრძოლო დროშები დაბრუნდნენ ზოგადად საერთაშორისო სამხედრო სივრცეში და მარტო სახელმწიფო კი აღარ იყო უბრალოდ სახელით ცნობილი, არამედ როგორც იტყვიან, სრულფასოვნად გიცნობენ. იცნობენ როგორც პოლიტიკურ სისტემას და, რა თქმა უნდა, იცნობენ შენს სამხედრო სისტემას“, – ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი და „ალტე უნივერსიტეტის” პროფესორი ლევან სიხარულიძე.
სამშვიდობო მისიებს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ერაყში მისიის შესრულებისას 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 19 დაიჭრა. ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული კი დაიჭრა და დაშავდა.