საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა – ამის შესახებ ინფორმაცია თავად უწყებამ გაავრცელა.
საქმე ეხება 12 იურიდიული პირის – ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი განკარგვა, რასაც პროკურატურა არამიზნობრივ განკარგვად მოიხსენიებს გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება სამოქალაქო ორგანიზაციებს 2024 წლის პერიოდში ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ადანაშაულებს.
განცხადებაში წერია:
„საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გასარკვევად მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებული არიან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოებები და სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საფუძვლად დაედო 12 იურიდიული პირის – ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებაზე დაბარებულ ადრესატთა ნაწილმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე არიან თანახმა.