„ქართული ოცნების“ ოპონენტების შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი, რომლითაც ის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავს, მმართველი პარტიის გაუარესებულ საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს.
მათი განმარტებით, ვაშინგტონთან კომუნიკაციის დამყარების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლებს მძიმე სანქციები მაინც დაეკისრებათ.
„ეს წერილი სასაცილო იქნებოდა, ტრაგედია რომ არ იყოს და არ ეხებოდეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. როგორიც არ უნდა იყოს მცდელობა ბიძინა ივანიშვილის, „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მძიმე სანქციები დაეკისრება, მეტად მძიმე იქნება მათი მდგომარეობა საერთაშორისო ასპარეზზე და კიდევ უფრო რთული იქნება მათთვის, მათი ოჯახებისთვის, რადგან ამ ქვეყნის ღალატია გზა, რომელსაც ისინი ადგანან…“ – თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ.
მისივე თქმით, ეს წერილი არა მიხეილ ყაველაშვილის, არამედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომრის, ბიძინა ივანიშვილის სათქმელია.
კოალიციაში „ლელო-ძლიერი საქართველო“ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე „არაჯანსაღი ვითარება ტრიალებს“.