გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ვარაუდი გამოთქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დიდხანს გაგრძელდება და ხაზი გაუსვა, რომ ევროპისთვის კიევის მხარდაჭერა „აბსოლუტური პრიორიტეტია”.
ფრიდრიხ მერცის თქმით, ომი ვერ დასრულდება უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე და ეს ვარიანტი არ განიხილება.
„მენტალურად ვემზადები იმისთვის, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. ვცდილობთ, ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა უკრაინის კაპიტულაციის ფასად. ომი შესაძლოა ხვალვე დასრულდეს, უკრაინა თუ დანებდება და დამოუკიდებლობას დაკარგავს. ამის შემდეგ, ზეგ, სხვა ქვეყანა აღმოჩნდება იმავეს წინაშე, ხოლო შემდეგ – ჩვენ. ეს გამოსავალი არაა“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.
გერმანიის კანცლერმა ისაუბრა მოკავშირეების გეგმაზე, მხარი დაუჭირონ უკრაინული არმიის გაძლიერებას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დაეხმაროს კიევს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში. გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში სახმელეთო ჯარების განლაგებაზე საუბრები არ მიმდინარეობს.
„ჩვენ ვსაუბრობთ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესაძლებლობებზე. ნომერ პირველი პრიორიტეტია უკრაინის არმიის მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ქვეყნის დაცვა გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მთავარი პრიორიტეტია და ამაზე მუშაობას მალე დავიწყებთ. ბევრი რამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას საჭიროებს და ამ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, ორივე მხარის თანხმობა სჭირდება. ჩვენი მხრიდან პირობა ისაა, რომ უკრაინამ სამუდამოდ უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და მიიღოს უფლება თავად აირჩიოს, რომელ ალიანსში სურს ყოფნა. სწორედ ამაზე ვმუშაობთ. უკრაინაში სახმელეთო ჯარების განლაგებაზე ამ ეტაპზე არავინ საუბრობს“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.
თავდაპირველად, 18 აგვისტოს თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის სახით, NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი პირობის შემუშავებას შეეცდებოდნენ.