პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, უპასუხოდ დატოვებული ღია წერილის შემდეგ ამჯერად პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უგზავნის ღია წერილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და სინანულით აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი „სათანადო ყურადღებას არ იჩენს საქართველოს მიმართ“.
ის „აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში“ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოსთან გაწყვეტილ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაშიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებს.
სინანულთან ერთად როგორც მიხეილ ყაველაშვილი წერს, ის გაკვირვებულიც არის ვლადიმერ პუტინთან აღდგენილი ურთიერთობის ფონზეც კი, რატომ დუმს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თბილისთან დაკავშირებით.
„კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მმართველი გუნდი. თუმცა იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად კვლავაც აქტიურობს „დიპ სტეიტი“, რომელიც USAID-ის, NED-ისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანასა და მშვიდობის დარღვევას ცდილობს…
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე, თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან – წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა, ამ ფონზე, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს…
ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით…“ – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის წერილში.
ღია წერილს „სავსებით ლოგიკურს“ უწოდებს „ქართული ოცნება“. პარტიაში სჯერათ, რომ „ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება“ შესაძლებელია, თუმცა თეთრ სახლთან აქვთ წინაპირობებიც – კერძოდ, ე.წ. „დიფ სთეითის“ დამარცხება.
„არავის დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის სიმართლის მოყვარული ადამიანი და აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ მის მიერ დასმული კითხვა არის ბუნებრივი. მითუმეტეს მაშინ, როცა არსებობს ღირებულებითი თანხვედრა ჩვენ შორის [დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის]…“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
ვაშინგტონთან ღია წერილებით საუბარი მიუღებელია ოპოზიციისთვის. მმართველი პარტიის ოპონენტების ნაწილი დარწმუნებულია იმაშიც, რომ წერილი რეალურად არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, სათქმელი. ოპოზიციის ნაწილი „მძიმეს“ უწოდებს მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას.
„ეს არის სასოწარკვეთილი მთავრობისა და ადამიანების წერილი. უშინაარსო და არადიპლომატიური ეთიკით გაჟღენთილი… ყველაზე საინტერესო ამ მოცემულობაში არის ის, რომ გაწეული არის კობახიძე, მისი როლი არის დაკნინებული. ამ წერილით ივანიშვილი და მისი მთავრობა შეეცდება ყაველაშვილის როლის წამოწევას“, – თქვა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.
„ეს რომ მიხეილ ყაველაშვილის დაწერილი არ არის და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის ოფისში აკრეფილი ტექსტია, ყველასთვის ნათელია…“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
თითქმის ერთი წელია, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ურთიერთობების გაუმჯობესებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ელის. ამ ერთი წლის განმავლობაში ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს.
28 მაისს საქართველოში ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, „მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. იმავე დღეს ბიძინა ივანიშვილმა „გაუგებარი“ უწოდა საელჩოს განცხადებას.