3 სექტემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდება. პეკინი მეზობელ იაპონიაზე გამარჯვებას აღნიშნავს.
რამდენიმე დღით ადრე კი საპორტო ქალაქ ტიანძინში გაიმართა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარედრა მოდი დაესწრნენ. ლიდერებს ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი პირადად დახვდა.
ეს ნარენდრა მოდის პირველი ვიზიტია ჩინეთში მას შემდეგ, რაც 2020 წელს ორი ქვეყნის საზღვარზე ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის სასიკვდილო შეტაკება მოხდა. ლიდერების თქმით, ნიუ-დელი და პეკინი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
სამიტს ასევე დაესწრნენ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ვიზიტის ფარგლებში სომხეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. შეხვედრა გაიმართა ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორისაც.
სამხედრო აღლუმზე მიწვეულთა სიაში, ასევე, არიან სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.