მთავარისაქართველოპროკურატურამ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაცია დააყადაღა

პროკურატურამ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაცია დააყადაღა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა” და სხვა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება მიიღო.

დაყადაღდა  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” , „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, „დემოკრატიის მცველების” ,  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” , „საფარის” ,  „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” საბანკო ანგარიშები.

პროკურატურა ამ ორგანიზაციებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში, უცხოეთიდან მიღებული თანხის გამოყენებას ედავება.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა, მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე, საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან, დაპირისპირებაში, რასაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. შედეგად, ძალადობრივმა ჯგუფებმა სამართალდამცავი უწყების ათეულობით თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების, მათ შორის ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებას. მოძალადე ჯგუფებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობას, რითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა საკანონმდებლო ორგანო. ასევე, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებული ქონება.

აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ, ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად.

ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა”, – ნათქვამია პროკურატური განცხადებაში.

სამოქალაქო ორგანიზაციებს განცხადება ჯერ გაუკეთებია. სავარაუდოდ ეს ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend