არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ეხმიანება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ის ბრალდებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით ვრცელდება, აბსურდულია და რეპრესიების გაძლიერებას ემსახურება.
ის ასევე გამოეხმაურა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავებას და თქვა, რომ ეს რუსული სტრატეგიაა და დასძინა, რომ საქართველო აგრძელებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
„ამ ხელისუფლებამ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წაიყვანა რუსულ მოდელზე და რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელდება ძალიან სწრაფი ტემპით. ის, რაც დღეს ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და ის ბრალდებები რაც არის წამოყენებული აბსურდამდეა მისული. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული რეჟიმის ფორმა, რომელიც ადრე ვნახეთ რუსეთში. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ საქართველოში უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე თავის დროზე რუსეთში.
ვხედავთ არასამთავრობოებზე შეტევას, მეორე მხრივ, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ გადავდივართ დასკვნით პროცესებზე. აქაც მძიმე ბრალდებებით, სრულიად უსაფუძვლო, აბსურდული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.