არასამთავრობო ორგანიზაციები მათი საბანკო ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურნენ. მათ დღეს ბრიფინგი გამართეს. „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, რომ ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გააგრძელებენ.
„დღეს, საქართველოს პროკურატურამ, აბსურდული გამოძიების ფარგლებში, დააყადაღა 7 დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებიც აკეთებენ ქართულ საქმეს, ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავალისთვის. ყადაღის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ჩვენ ვეხმარებოდით და ვეხმარებით მასობრივად ნაწამებ ადამიანებს, სინდისის პატიმრებს, დაჯარიმებულ მოქალაქეებს. უკანონო განჩინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. ქართველი ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს ბავშვების, ქალების, შშმ პირების, სტუდენტების, უკანონოდ დაკავებულების, მშრომელების, ხანდაზმულების უფლებების დაცვა; აღარ ვიკვლევდეთ და ვაშუქებდეთ უსამართლობას, კორუფციას, წამებას, სისტემურ ძალადობას; აღარ ვიცავდეთ მათ სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. მათ სურთ არამხოლოდ ევროინტეგრაციის სამომავლო საბოტაჟი, არამედ ქართველი ხალხისთვის უკვე მოპოვებული უდიდესი სიკეთის – უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევაც”, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ ისინი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც მათი მოთხოვნის საფუძველზე, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს. პროკურატურა ამ ორგანიზაციებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში, უცხოეთიდან მიღებული თანხის გამოყენებას ედავება.
დაყადაღეს, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, „დემოკრატიის მცველების”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”, „საფარისა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” საბანკო ანგარიშები.
„ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.