თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციებისას, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას საქმეზე დღეს მორიგი სხდომა დასრულდა. მისმა ადვოკატმა ნინო ლომინაძემ დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნიკოლოზ კაციას თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. მან ასევე დასძინა, რომ გამოძიებამ ვერ დაადასტურა ფაქტი, რომ ნიკა კაციას უკანონოდ ჰქონდა შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და რომ მას ინახავდა საცხოვრებელ სახლში. ადვოკატმა გაიხსენა ნიკა კაციას დაკავების ეპიზოდი და თქვა, რომ ამ დროს დაფიქსირდა არაერთი კანონდარღვევა. მან სხდომათა დარბაზში კვლავ გაიმეორა, რომ ის, რასაც ნიკა კაციას ედავებიან, „აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება”.
„საქმეში არ არის შესაბამისი მტკიცებულებები, ვიდეოგადაღება, ნეიტრალური პირი, ყოველივე ამის შესაძლებლობა ობიექტურად ჰქონდათ შსს-ს თანამშრომლებს და არ მიიღეს შესაბამისი ზომები, ვფიქრობ რომ სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი”, – ამბობს ნინო ლომინაძე, ნიკა კაციას ადვოკატი.
ადვოკატის სიტყვის შემდეგ ნიკოლოზ კაციამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია ერთადერთ სიმართლეში – რომ მას ნარკოტიკი თვალითაც არ უნახავს და მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.
მისი თქმით, მას აბრალებენ იმის ქონას, რაც არ ჰქონია. ნიკა კაციამ თქვა, რომ პოლიციელებმა მისი დაკავების დროს ვიდეო არ გადაიღეს, რადგან რომ გადაეღოთ საკუთარ თავებს ამხელდნენ. ამის შემდეგ, ისაუბრა ბრალდების მხარემაც, პროკურორმა უარყო ის, რაც დაცვის მხარემ თქვა, მისი განცხადებით, ვიდეოს გადაღება იქიდან გამომდინარე, რომ დაკავებისას ნიკა კაცია მათ წინააღმდეგობას უწევდა შეუძლებელი იყო. მან ითხოვა, რომ სასამართლომ ნიკა კაცია დამნაშავედ ცნოს.
ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვა-შეძენას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა შემდეგ სხდომაზე 3 სექტემბერს გამოცხადდეს.