კატეგორიები

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კვლავ საუბრობენ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზე

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კვლავ საუბრობენ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზე
საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზოდ გადაადგილება დღეს საფრთხეშია. მათი თქმით, მმართველ პარტიას ევრორეკომენდაციების შესასრულებლად დრო 31 აგვისტოს ჩათვლით აქვს.

როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, თბილისისთვის მოცემული ვადის ამოწურვამდე ხუთი დღით ადრე „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ რიტორიკას აძლიერებს:

„მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის ჯერ კიდევ 2024 წელს გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლების შემზღუდავი, რეპრესიული კანონების გაუქმებას, კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას ყველა დონეზე. უფრო მეტიც, 2025 წელი კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, საქართველოში გვყავს 65 სინდისის პატიმარი, დამატებითი რეპრესიული კანონები მიიღეს და დღემდე გრძელდება ადამიანთა დევნა…“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების შეჩერების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიუთითებენ მოსალოდნელ საფრთხეებზეც:

„საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ მოგვცა: ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თავისუფლად მოგზაურობა, მკურნალობა, სწავლა, მუშაობა და განვითარება ევროპულ სივრცეში… საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. ჩვენ, ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს, გვჯერა რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მაგრამ ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ამ მომავალს სპობს…“

თუკი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შეჩერდება ან მას რაიმე საფრთხე დაემუქრება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები