მთავარისაქართველოევრორეკომენდაციების შესასრულებლად თბილისს ვადა ეწურება

ევრორეკომენდაციების შესასრულებლად თბილისს ვადა ეწურება

„ქართულ ოცნებას“ ევრორეკომენდაციების შესასრულებლად ვადა ეწურება. 31 აგვისტოს ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებისგან ელის პასუხს კითხვაზე – როგორ გადაჭრა ან გადაჭრის თბილისი დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებულ პრობლემებს?

ევროგაერთიანებაში ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრების ივლისის შეხვედრაზე თქვეს, რომ წინსვლის არარსებობის შემთხვევაში, განსახილველად „მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს“. ერთ-ერთი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხია.

ქართველი ხალხის ამ მონაპოვარის დაკარგვის შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ.

„ხელისუფლების ქმედებების გამო, საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ მოგვცა: ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თავისუფლად მოგზაურობა, მკურნალობა, სწავლა, მუშაობა და განვითარება ევროპულ სივრცეში – რეალურია.

საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. ჩვენ, ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს, გვჯერა რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მაგრამ ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ამ მომავალს სპობს…“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წევრმა, ზვიად ქორიძემ.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ არის ერთადერთი, რასაც, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა თქმით, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას. მათი შეფასებით, დიდია იმის ალბათობა, „პროცესები ძალიან ნეგატიურად განვითარდეს“.

„ჩვენ გვაქვს კიდევ რამდენიმე ინსტრუმენტი ევროკავშირთან. ეს არის „ასოცირების შეთანხმება“, რომლის გადახედვასაც გეგმავს ევრობლოკი. ასევე, ეს არის კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის უდიდესი მონაპოვარი და ისიც, შესაძლოა, გადაიხედოს, თუკი გაგრძელდება საქართველოში არსებული ტენდენცია… ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ნეგატიურ, დაღმავალ გზაზე, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს მრავალი წლით ჩამორჩენა და ქვეყნის ევროპული მომავლის დიდი ხნით გაჩერება…“ – ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკლევარი და დანიაში საქართველოში ყოფილი ელჩი, დიპლომატი გიგი გიგიაძე.

არაერთი დიპლომატიური გზავნილის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ არც პოზიციების შეცვლას და არც მოთხოვნილი კანონების გაუქმებას არ აპირებენ. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ასრულებენ „ქართველი ხალხის დაკვეთას“ და იცავენ „ქართულ ღირებულებებსა და ეროვნულ სუვერენიტეტს“.

„თანახმა ხართ, მივცეთ საშუალება, ჩვენს სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა იყოს? გამოდით და თქვით! ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთ, თუ ამ კანონს [ოჯახური ღირებულებების შესახებ] არ გაიწვევთო. ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრები გვაქვს, გვეუბნებიან – არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხიოთ! რასაც ჩვენ ვამბობთ, ზუსტად იმავე აზრზე არიან… ევროკომისიის მიერ დაფინანსებულებმა არ დადეს დასკვნა ახლა, რომ საქართველო რეგიონში საუკეთესოა? კანდიდატ სახელმწიფოებს საერთოდ არ ვთვლი, რადგან დიდი უპერატესობით ვართ წინ. ნატოს ათზე მეტ სახელმწიფოს ვუსწრებთ. რაღა გინდათ ჩვენთან?!“, – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

„გინდათ მოლაპარაკებები გახსნათ? – მზად ვართ! გინდათ ევროკავშირში მიგვიღოთ? – მზად ვართ! ისიც გვესმის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად უნდა გაძლიერდეს და წინ წავიდეს, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ეს მარტივი არ არის და კარგად გვესმის, მაგრამ რატომ გვაშანტაჟებ ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნით და ახლა უკვე ვიზალიბერალიზაციით?! კანდიდატის სტატუსის თემამ ვერ გაჭრა და რევოლუცია ვერ მოაწყვეთ!“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე 31 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ოპონენტები „წყალგამყოფ თარიღად“ მიიჩნევენ, ევროკავშირის წარმომადგენლობა კონკრეტულ პროცედურებს განმარტავს. საქართველოში ევრობლოკის დიპლომატმა, პაველ ჰერჩინსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უვიზოდ გადაადგილება „ავტომატურად არ გაუქმდება 1-ელი სექტემბრიდან“. ამასთან, ევროკავშირის წესდების თანახმად, მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია მრავალსაფეხურიანი მოლაპარაკებები ბლოკის წევრ ყველა სახელმწიფოსთან, თუმცა არ არის საჭირო ყველა მათგანის თანხმობა.

გარდა 31 აგვისტოსა, მმართველი პარტიაც, მისი ოპონენტებიც და საზოგადოებაც უნდა დაელოდოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შეფასების დოკუმენტსაც, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend