რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. „დამოუკიდებლობის აღიარების“ დღეს ზეიმობენ. სეპარატისტულ ხელისუფლებებს მხოლოდ მოსკოვიდან მიულოცეს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა წერილები გაუგზავნა აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დეფაქტო „პრეზიდენტებს“, ბადრა გუნბასა და ალან გაგლოევს.
დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, „რუსეთის ისტორიულმა არჩევანმა მყარი საფუძველი ჩაუყარა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, ასევე გახდა აყვავებული მომავლის მშენებლობის საყრდენი წერტილი“.
სწორედ დიმიტრი მედვედევი იყო რუსეთის ის პრეზიდენტი, რომელმაც 17 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, ხელი მოაწერა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებას. ამ გადაწყვეტილებით მოსკოვმა მორიგ ჯერზე უხეშად დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმება.
კრემლის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეფაქტო „დამოუკიდებლობას“ აღიარებენ რუსეთის მოკავშირე ნიკარაგუა, ნაურუ, ვენესუელა, სირია და თავად არაღიარებული, მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები – ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკები“.