მთავარისაქართველოდაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე

დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე

პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე ერთ-ერთი ბოლო სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

25 აგვისტოს პროცესზე დასკვნითი სიტყვები თქვეს ბრალდებულთა ადვოკატებმა – ყველამ, გარდა ზვიად ცეცხლაძის უფლებადამცველისა.

დაცვის მხარის თქმით, საქმის ცხრათვიანი განხილვის ფარგლებში, სახელმწიფო ბრალდებამ ვერც ერთი “მყარი და კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა”, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა დაკავებულ პირთა ბრალეულობას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ან, მითუმეტეს, მის ორგანიზებას.

დასკვნითი სიტყვის კითხვა დაიწყო ბრალდებულის, ინსაფ ალიევის ადვოკატმა, აიჰან ჰასანლიმ. მან რამდენიმე ფაქტს გაუსვა ხაზი, რითაც, მისი თქმით, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს და გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი:

“თუ არ დადასტურდება მონაწილე პირთა მიმართ, ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ან/და მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითების შესრულების ფაქტი, ვერ იქნება სახეზე ბრალად წარდგენილი ქმედება…

თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, თუნდაც ემოციურად, სასამართლოს, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ეს გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას…” – თქვა ადვოკატმა.

ინსაფ ალიევის უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ფლობს ქართულ ენას. მისთვის მშობლიური ენა აზერბაიჯანულია, შესაბამისად, ადვოკატისთვის გაუგებარია, როგორ დაემორჩილებოდა ის ზვიად ცეცხლაძის ვიდეომოწოდებას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებულებების თანახმად, ქართულენოვანია.

ბრალდებულის, ინსაფ ალიევის ადვოკატს საათზე მეტი დასჭირდა დასკვნითი სიტყვის წასაკითხად. მის შემდეგ დასკვნითი სიტყვები თქვეს ვეფხია კასრაძის უფლებადამცველებმა. მას პროკურატურა “ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას” ედავება.

ვეფხია კასრაძის ადვოკატებისთვისაც არასაკმარისია ის მტკიცებულებები თუ მოწმეთა ჩვენებები, რაც პროკურატურამ 9 თვის განმავლობაში წარმოადგინა. ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატის, არჩილ ჭავჭანიძის განმარტებით, ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება ტელეკომპანია “იმედის” “ფეისბუკის” გვერდზე ატვირთული ვიდეოა, რომლის სანდოობასთან დაკავშირებით დაცვის მხარეს დღემდე არაერთი კითხვის ნიშანი აქვს.

შესვენების შემდეგ განახლებულ პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი შეუძლოდ გახდა. სხდომათა დარბაზში საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება. ექიმებმა ინსაფ ალიევი დარბაზიდან გაიყვანეს, პირველადი დახმარების გასაწევად. მედპერსონალის თქმით, მას “ნერვიულობის ფონზე წნევამ აუწია”. რამდენიმე წუთში ის სხდომათა დარბაზში დააბრუნეს და პროცესი ბრალდებულების – თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატის, ნინო ლომინაძის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდა.

11 აგვისტოს ინსაფ ალიევმა შიმშილობა გამოაცხადა. მაშინ მისმა უფლებადამცველმა თქვა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას ბრალდებულმა მიმართა საკანში „არაადამიანური და არაჰუმანური პირობების” გამო. მოგვიანებით, მან შიმშილობა შეწყვიტა.

პროევროპული დემონსტარციებისას დაკავებულ 8 პირს განაჩენის გამოცხადებამდე მხოლოდ ერთი პროცესი აშორებს. 27 აგვისტოს დასკვნით სიტყვას იტყვის “ჯგუფური ძალადობის ორგანიზების” ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე. ამავე დღეს საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ ბრალდებულები.

პატიმრობაში მყოფი რვა პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, დანარჩენ ხუთს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend