მთავარისაქართველოდაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა ანტონ ჩეჩინის საქმეზე

დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა ანტონ ჩეჩინის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმეზე დასკვნითი სიტყვა თქვა დაცვის მხარემ.

სხდომაზე ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ მოყვა, რუსეთში, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ ანტონ ჩეჩინის სამოქალაქო აქტივობის შესახებ. მან ასევე ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მუქარაზე, სამართალდამცველების მხრიდან.

კერძოდ, გიორგი ჩხეიძის თქმით, როდესაც ანტონ ჩეჩინი გასული წლის 18 ნოემბერს პირველად დააკავეს, მას განყოფილებაში პოლიციელები დაემუქრნენ და უთხრეს, შეეწყვიტა აქციებში მონაწილეობა.

დაცვის მხარის თქმით, პირადი ჩხრეკისას ანტონ ჩეჩინის უფლება არაერთხელ დაირღვა. ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, შეეგროვებინა საკმარისი მტკიცებულებები, თუმცა ეს არ გააკეთა:

„ზურაბ რუსიშვილი, არჩილ ნაცვლიშვილი და შორენა ტაბატაძე პირდაპირ მიუთითებენ ჩვენებებში, რომ მათ პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას თან ჰქონდათ ტელეფონები. მიუხედავად იმისა, რომ მათ ობიექტურად შეეძლოთ ადგილზე, ავტომანქანაში მოთავსების გარეშე, თუნდაც გაკავების, ძირს დაწვენის და მათ შორის ხელბორკილი გამოყენებით აღეკვეთათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის „წინააღმდეგობა”, მათ ეს არ გააკეთეს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოათავსეს დახურულ სივრცეში, რათა თვითმხილველთათვის არ ყოფილიყო ხილული მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება და მაშასადამე ნარკოტიკული ნივთიერების ხელოვნურად მოთავსების ფაქტი!” – თქვა ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ.

დასკვნით სიტყვაში ადვოკატმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიასაც მიმართა და თქვა, რომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება “არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის განაჩენი”:

“[ბატონო მოსამართლე] ახლა უკვე თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ანტონ ჩეჩინის მომავალი…

ასე სათქმელად მარტივია 8, 10 და 12, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ რიცხვი, ეს ადამიანის სიცოცხლის წლებია, იმ სიცოცხლის, რომელიც ღმერთმა ერთხელ გვარგუნა. გვსურს სასამართლოს შევახსენოთ, რომ არაფერია იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე უდანაშაულო ადამიანის მრავალი წლით გისოსებს მიღმა გამოკეტვაა.

ანტონ ჩეჩინის თავისუფლება, მისი ჯანმრთელობა და მეტსაც გეტყვით, მისი სიცოცხლე ახლა თქვენს ხელშია.

ბატონო მოსამართლე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ თუკი სასამართლო მიუხედავად ყველაფრისა მიუსჯის სასჯელს უდანაშაულო კაცს, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის განაჩენი, სასამართლო ამ განაჩენით სასჯელს მიუსჯის უდანაშაულობას, კანონსა და სამართლიანობას…” – თქვა გიორგი ჩხეიძემ.

ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია, სავარაუდოდ, 27 აგვისტოს გამოაცხადებს. ადვოკატის თქმით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სხვა პირების საქმეების მსგავსად, პროკურატურას არც ამ საქმეში აქვს საკმარისი მტკიცებულებები.

პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე, რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი მეორედ 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას.

მუხლი, რომლითაც ანტონ ჩეჩინია დაკავებული ითვალისწინებს პატიმრობას 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend