მთავარისაქართველოანრი ოხანაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ანრი ოხანაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, სუსის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე წარადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.

განცხადება სუს-ის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ ის საქმიანობას განაგრძობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გვერდზე გამოქვეყნდა.

„მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ.

2016 წლიდან შევუერთდი მმართველ გუნდს, სადაც 8 წლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდი საპარლამენტო ცხოვრებაში, ხოლო მოგვიანებით იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე განვაგრძე საქმიანობა.

სახელმწიფო სამსახურში ჩემი 9-წლიანი საქმიანობა იყო საკმაოდ შრომატევადი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სავსე. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას.

მიხარია, რომ მმართველ გუნდთან ერთად, საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და გაძლიერებაში.

მსურს, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის.

როგორც უკვე განვაცხადე, საქმიანობას გავაგრძელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ შესაძლებლობისთვის.

დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოება ახალი გამოწვევების წინაშეა, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასა და საპასუხო ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ცოდნა დამეხმარება წარმატებით გავართვა თავი ანალიტიკურ საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ამავე დროს, ვრჩები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ გულშემატკივრად. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის პირად შემადგენლობას ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის.

წარმატებას ვუსურვებ სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს“,- წერია ანრი ოხანაშვილის განცხადებაში.

ანრი ოხანაშვილმა სუსის ხელმძღვანელის თანამდებობა 2025 წლის აპრილში დაიკავა. მან ამ პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა.

ამასთან, განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე წარადგინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend