4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პროევროპული აქციებისას დაკავებულ არჩილ მუსელიანცს. განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. პროკურატურა არჩილ მუსელიანცს საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებული კამერების სადენებისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებოდა. გამოძიების მტკიცებით, ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფოს 534 ლარის ზიანი მიადგა.
გადაწყვეტილების განმარტებისას მოსამართლემ თქვა, რომ ინტერნეტით მოიძია მსგავსი საერთაშორისო გამოცდილება. გიორგი არევაძის თქმით, პირველი რაც იპოვა ჰამბურგის სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება იყო, როცა აქციის მონაწილეებს 2 და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სახელმწიფო ქონების დაზიანებისთვის.
დაცვის მხარე ამბობს, რომ „საქმე შეკერილია“, ერთადერთი ვიდეომტკიცებულება კი – დამონტაჟებული. კერძოდ, კი, ადვოკატის თქმით, დარღვეულია მისი უწყვეტობა. სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურა. უწყების ვერსიით, დანაშაული გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა.
„ერთი ვიდეო აქვთ მუსელიანცის წინააღმდეგ და მაგაზეა მთელი ბრალდება აგებული… „პოსტვ”-ის „ფეისბუქ“ გვერდიდან აღებულ ვიდეომასალაზე ჩაატარა ექსპერტმა კვლევა… თავიდან ბოლომდე ეს საქმე იყო შეკერილი.
არჩილ მუსელიანცის წინააღმდეგ, საქმეში არ იყო პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა…“ – თქვა არჩილ მუსელიანცის ადვოკატმა, დიმიტრი ვარდიაშვილმა.
გამამტყუნებელ განაჩენს ელოდა არჩილ მუსელიანციც. მედიას მისი წერილი მისმა დედობილმა გააცნო:
„ამ წერილს წინასწარ ვწერ იმიტომ, რომ, ვიცი, მომისჯიან, მაინც შეასრულებენ ამ დავალებას… საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მომავალი. 6 წელიც რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ, მოვიხადო უსამართლო სასჯელი, რადგან სამშობლოა ჩემთვის ღირსება. ერთს გთხოვთ – იბრძოლეთ! წარმოიდგინეთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით, თუკი დანებდებოდნენ გენერალი მაზნიაშვილი და ილია ჭავჭავაძე? როგორი საქართველო იქნებოდა რომ არა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბრძოლა? როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით რომ არა შინდისის გმირების სულისკვეთება? და როგორი იქნებოდა საქართველო გიორგი ანწუხელიძის გარეშე? ისინი ლამაზი, ბედნიერი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდნენ. ჩვენც ამისთვის ვიბრძვით და ამას აუცილებლად მივაღწევთ…“
განაჩენთან ერთად პატიმრობაში მყოფმა არჩილ მუსელიანცმა შეიტყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ამბავიც. მას სწავლის გაგრძელება სამართლის სპეციალობით სურს.
პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას, არჩილ მუსელიანცმა თქვა, რომ პროკურატურამ ნივთიერ მტკიცებულებებს არ დაურთო მისი სამოსი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, საპოლიციო განყოფილებაში ცემისგან იყო დასისხლიანებული.
