„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – ამ გზავნილით, მედიის მხარდამჭერი მსვლელობა იმართება რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით. ადგილზე შეკრებილები არიან სხვადასხვა მედიისა და სამოქალაქო წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ლია ჩახუნაშვილის განცხადებით, საქართველოში მედიაგარემო მკვეთრად გაუარესებულია და ჟურნალისტები ხშირად როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები ხდებიან. მისივე თქმით, ამ გამოწვევებს ახლა ფინანსური დაბრკოლებებიც დაემატა.
„ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი უკვე 3 თვეა პრაქტიკულად უხელფასოდ მუშაობს და არც იმის პერსპექტივაა, რომ „ქართული ოცნება“ უკან დაიხევს. გადავწყვიტეთ, მივმართოთ საზოგადოებას დახმარებისთვის, რათა ონლაინმედიამ არსებობა შეძლოს და გააგრძელოს იმ საქმის კეთება, რასაც აქამდე ძალიან თავგამოდებით, თავგანწირივით და გულმოდგინებით აკეთებდა“, – განაცხადა ლია ჩახუნაშვილმა ევრონიუს ჯორჯიასთან.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორები საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ფოტოგამოფენასაც გეგმავენ, სადაც წარმოდგენილი იქნება ფოტოები, რომლებიც დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მიერ სხვადასხვა დროს გაშუქებულ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.
