პოლონეთში ახალი წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველო „პოლიტიკური ვითარების” გამო, ამოღებულია იმ ქვეყნების სიიდან, რომელთა მოქალაქეებსაც პოლონეთში მუშაობის დაწყება გამარტივებული წესით შეუძლიათ.
ახალი კანონპროექტი პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
„პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების დასასაქმებლად, მათ შორის, მოკლე ვადაშიც, საჭირო იქნება მუშაობის ნებართვის აღების სრული პროცედურის გავლა”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებაში განმარტებულია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები უკავშირდება „სხვა მიზეზებთან ერთად, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის, უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვაზე მიმდინარე სამუშაოებისა და 2024 წელთან შედარებით გაცემული დეკლარაციებისა და სეზონური მუშაობის ნებართვების რაოდენობის კლებას.”
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ის მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ამოქმედდება.
